განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა „ოცნებისთვის" მოულოდნელობა იყო და მმართველ პარტიას მის შესაცვლელად მზა კანდიდატი არ ჰყავდა, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 7 ნოემბერს ოფიციალურად დატოვა, 13 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელის დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელს ეს თანამდებობაზე 2017-2018 წლებშიც მუშაობდა.
„რეზონანსთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და „ოცნების" ხელისუფლებას უბრალოდ გამზადებული კანდიდატურა არ ჰყავდა. ამიტომაც დანიშნა ადრინდელი მინისტრი.
იგი გამართლებულად მიიჩნევს მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას და მის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს: „რომ გაათავისუფლეს მიხეილ ჩხენკელი, მე ეგ გამიკვირდა თავის დროზე, რადგან მართლა ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი და მეცნიერია", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ყოფილი მინიტრის ძველ თანამდებობაზე დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საკადრო კრიზისი ხელისუფლებაში, რადგან განათლების სფეროში ძალიან ბევრი პროფესიონალია.
ნატა თვაური