რეზონანსი
13.11.2019

 სამშაბათს, სახალხო დამცველის ოფისში მომხდარი ინციდენტის მიზეზი „ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის სურვილი გახდა, რომელსაც ომბუდსმენთან არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე სურდა საუბარი. ლომჯარიამ ბრეგაძესთან შეხვედრა არ ისურვა, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას გადაყენების მოთხოვნით სახალხო დამცველის ოფისთან მაშტაბურ აქციებს აანონსებს:

„მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქციებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ პარლამენტმა დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს ნინო ლომჯარია, მას და მის ხალხს აუცილებლად მოუწევთ გაქცევა ოფისებიდან, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ აქვთ დაკავებული. ისინი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ლომჯარია არა სახალხო დამცველი, არამედ ლგბტ აქცივისტია", - აცხადებს ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას

მისივე თქმით, მან გააშიშვლა ომბუდსმენის ინსტიტუტი და დაანახა საქართველოსა და სრულიად მსოფლიოს.

„მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ომბუდსმენი სხვა ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავებას ითხოვდეს. მე ლომჯარიასგან ვითხოვ საჯარო ბოდიშს და თუ მისი მხრიდან გამოიკვეთა რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული, მოვითხოვ მასზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

„ის არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც იქცევა. ბოდიშის მოხდას ვითხოვ იმ მიზეზითაც, რომ ლომჯარიამ 20 ივნისს აქციაში მონაწილე ადამიანებს, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალება, პოლიტმატიმრის სტატუსი მიანიჭა, „ქართული მარშის" წევრებს კი მოძალადეებს უწოდებს, თანაც იმ ფონზე, რომ 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაშავდა 50-მდე პოლიციელი, იყო პარლამენტში შევარდნის მცდელობა. 8 ნოემბერს არცერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც არავინ დაშავებულა „ქართული მარშის" წევრის მიერ", - განაცხადა ბრეგაძემ.

სამშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო შსს-მ სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სახალხო დამცველის სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედების ბრალდებით, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს.

ალექსანდრე კორტავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×