"არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ამ სიტუაციაში პრემიერი გადადგეს, „ქართულმა ოცნებამ" მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტის, პირველივე მოსმენით ჩაგდებას.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის გამო ცვლილებები ჩავარდა.
საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა,სამივე მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. ესენი ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან.
ძაბირაძის შეფასებით, ამით შესაძლოა სიტუაცია არა მხოლოდ ქუჩას გამწვავდეს, არამედ თვითონ ხელისუფლების შიგნითაც.
„საკმაოდ რთული და მძიმე ვითარება შეიქმნა, რასაც გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი, მეგონა, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანას მაინც შეძლებდა, ახლა ფაქტიურად ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.
„არ მგონია, რომ ამ ამბავმა „ქართული ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილება გამოიწვიოს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ მმართველი პარტია დაპირისპირების ზღვარზეც მივიდეს.
„საინტერესოა პრემიერის დღევანდელი განცხადება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ არჩევნებსო, ივანიშვილის პრემიერის განცხადებაც კი, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ.
„არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ამ სიტუაციაში პრემიერი გადადგეს, „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა სიტუაცია არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ თვითონ ხელისუფლებაშიც გამწვავდეს, ძირითადად ვითარება ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ საზოგადოება მძლავრი საპროტესტო აქციების დაწყებას შეძლებს, ამან შესაძლოა უმრავლესობაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ.
„რიგგარეშე არჩევნები დღეს ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს", განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას" და „ოცნებას", იმიტომ, რომ ჯერ ერთი საარჩევნო სისტემა შეუცვლელი რჩება და მეორეც, ბუნებრივად მოხდება პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება, ანუ ამ შემთხვევაში ამოქმედდება ის მუხლი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაშვებული იქნება და თუ ოპოზიცია მთლიანად გაერთიანდა, აი მაშინ „ქართული ოცნების" არჩევნების მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება."-აცხადებს იგი.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, როდესაც მაჟორიტარები პროპორციულ არცევნებზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ.
„არ მჯერა, რომ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ მაჟორიტარები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, იმას არ ვამბობ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა დაიბარა ყველა, მაგრამ მისი მხრიდან, რომ იქნებოდა რაღაც ისეთი მაპროვოცირებელი, რომ ეს კამპანია დაწყებულიყო, ამაში დარწმუნებული ვარ, მმართველი პარტია ყველაზე რეალურ ვარიანტად ვადამდელ არჩევნებს თვლის.
„ამ დაპირების არშესრულებამ „ქართულ ოცნების" რეიტინგზე რეალურად ცუდად უნდა იმოქმედოს, მაგრამ, აქ საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ ასეთი რაღაცეები, სანამ უკიდურეს ზღვრამდე არ მივა, არ მუშაობს, ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერია, ის, რომ პარტიამ დაპირება გადაითამაშა, შერეული სისტემა დატოვა და პროპორციული აღარ მიიღო, ეს ელექტორატს მაინცდამაინც არ დააკარგინებს, ეს მათ იციან და ამიტომაც, როგორც ჩანს ამ გზით მიდიან."-განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 37-მა დეპუტატმა . ყველა მათგანი ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
პარლამეტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემდეგ,საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.