„დღეს უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა; როგორც ჩანს, პარტიაში ღირებულებათა კონფლიქტი გაჩნდა. არ ველოდები, რომ ბევრი დატოვებს უმრავლესობას, მაგრამ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება კიდევ დატოვოს და არსებობს საფრთხე იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს და მთავრობის ხელახლა დამტკიცების საკითხი დადგეს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შესახებ საუბრისას.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით. შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა. ამ სიაში არიან თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშილი. თამარ ხულორდავა და სოფიო ქაცარავა.
ზაალ ანჯაფარიძე: თუ მას (ქართულ ოცნებას) პარლამენტში უმრავლესობა აღარ ეყოლება, ის მთავრობის წარდგენის უფლებასაც კარგავს. როგორც ჩანს, ღირებულებათა კონფლიქტი იმაზე ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვება თუ არა მორიგი საპროტესტო ტალღა და რა მასშტაბის აქციებს უნდა ველოდოთ?
ზ.ა: აქციები დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით მასშტაბური ხასიათი არ აქვს, რადგან აქციების მთავარი მონაწილეები, ახალგაზრდული დაჯგუფებები, რომლებიც 20 ივნისის ღამის ორგანიზატორები იყვნენ, დღეს საზოგადოებაში იმ დამოკიდებულებით არ სარგებლობენ, როგორც მაშინ. ისინი გამოჩნდნენ „ნაცმოძრაობასთან" და მის განშტოებებთან აფილირებული ძალა.
რთულია თქმა მარტო რამდენად შეძლებენ კრიტიკული მასის გამოყვანას ქუჩებში იმისათვის, რომ ამან გარკვეული ზემოქმედება იქონიოს პარლამენტზე, ხელისუფლებაზე და ამ საკითხის მიმართ, პოლიტიკურ მიდგომებში ცვლილებები გამოიწვიოს.
აქციების მასშტაბურობა დამოკიდებულები იქნება იმაზე, რამდენად მშვიდობიანი იქნება აქციები, რომ არ მივიღოთ ისევ 20-21 ივნისის მოვლენები. თუ მსგავსი რამ მოხდა, ქვეყანაში პროცესები შეიძლება უკვე არაპროგონოზირებადი სცენარით წავიდეს და ხანგრძლივი დესტაბილიზაციის ფაზაში შევიდეთ.
ის მდგომარეობა, რაც ახლა შეიქმნა, განსხვავებული მიმართულების პოლიტიკურ ძალებს ერთი დროშის ქვეშ დააყენებს. ალბათობა იმისა, რომ მათ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეძლონ, ამ ეტაპზე 50%-50%-ზეა.
სავარაუდოდ, ამ ახალგაზრდებს საკუთარ რესურსებს ოპოზიცია მიაშველებს და ქუჩაში გარკვეული მასშტაბის აქციებს მივიღებთ, მაგრამ, რამდენად იქნება ეს საკმარისი იმისთვის რომ, ის ცვლილებები გამოიწვიოს, რაც სურთ, ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, რთულია თქმა.
„რ": „ქართულმა ოცნებამ" მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო; რატომ მოხდა მსგავსი რამ, მაშინ როდესაც, ინიციატივა თავად უმრავლესობას ეკუთვნოდა?
ზ.ა: ამ პროცესს თავისი სიღრმისეული მიზეზები აქვს. მაჟორიტარ დეპუტატთა პოზიციებში ეს ცვლილება გუშინ და დღეს არ მომხდარა. როგორც ჩანს, ამას აქვს თავისი მიზეზები; ალბათ „ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს თითქოს ისე ჩანდა, რომ მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ანალიზის პროცესში მივიდნენ იმ დასვნამდე, რომ ამ სისტემით არჩევნების ჩატარება მომგებიანი არ იქნებოდა.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში" აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიდიოდა, თუ რა სცენარით შეიძლება წასულიყო პროცესები ნულოვანი ბარიერის მქონე პროპორციული არჩევნების შემთხვევაში და ალბათ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს სცენარი მათთვის არ იქნებოდა სასურველი. შეიძლება 20 ივნისს იმიტომ დაეთანხმნენ, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები ჩაეხშოთ.
„რ": რამდენად მოსალოდნელი დღეს პარლამენტის დათხოვნა ან ვადამდელი არჩევნების ჩატარება?
ზ.ა: ასეთ სცენარს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს კონსტიტუციური წინაპირობები; მაგალითად ბიჯეტის სამჯერ არდამატკიცება. ასევე თუ „ქართულმა ოცნებამ" ის უბრალო უმრავლესობა დაკარგა, რომელიც ახლა აქვს. ამ შემთხვევაში მთავრობის ხელახლა დამტკიცების აუცილებლობა წარმოიშვება და შეიძლება მთავრობა არ დაამტკიცონ.
კონსტიტუციური მექანიზმიები შეიძლება იქნას გამოყენებული, მაგრამ რამდენად შედის ეს „ქართული ოცნების" ინტერესებში, ეს არის მთავარი. დღევანდელი მოცემულობით, „ოცნებას" შეუძლია ვადამდელი არჩევნების მოგება, მაგრამ რა უპირატესობით მოიგებს, ეს საკითხავია.