თამარ შუკვანი
15.11.2019

 „ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება; ჩუგოშვილის და მისი გუნდის ასე გადადგომა, სწორედ ამაზე მიუთითებდა. ისინი იყვნენ პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს წარმოადგენდნენ.

"მაჟორიტარი ფეოდალების მიერ საკუთარი ინტერესების ეროვნული ინტერესებზე მაღლა დაყენებამ ჩვენ დასავლელ სტრატეგიულ მეგობრებს შეიძლება არასწორი აღქმა შეუქმნან და ეს ჩანს კიდევაც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ყველა მხარეს ღირსეული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას."

მარშალ ფონდის მკვლევარმა ჯონათან კაცმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულნი არიან და ეს შესაძლოა ცუდად აისახოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე. საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის თქმით, ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ნატო-ში შესაძლო მიღების საკითხი შეიძლება დროში კიდევ უფრო გაწელოს, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.

„ეს ალბათ აისახება ნატოს სამიტის დეკლარაციაში მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ლონდონის დეკლარაციაში სამწუხაროდ არ იქნება დაყენებული ღია კარის პოლიტიკის საკითხი და შემდეგი წევრების მიღების თემაც ასევე გადადებული იქნება, ეს არ იქნება პრიორიტეტული თემა.

"ნატო-ს შიგნით დაგროვდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები, ამიტომ ეს საკითხი პრიორიტეტულად არ აისახება, თუმცა, ამ პროცესებზე გაამახვილებენ ყურადღებას მაშინ, როდესაც საქართველოზე მიდგება ჯერი.

"ნატომ საქართველოზე აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რადგან ნატო-ში გაწევრიანების მხოლოდ სამი მოჰიკანი ქვეყანა დარჩა; უკრაინა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ამით უკვე ამოიწურება ნატო-ს გაფართოების და ღია კარის პოლიტიკა.

„როდესაც პირობას იძლევი, გინდა თუ არა, უნდა შეასრულო. 30 ფეოდალი მაჟორიტარი, რომლებმაც საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენეს ეროვნულ ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა.

"როგორც ვიცით, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამ ფაქტორსაც როგორი გამოხმაურება შეიძლება ჰქონდეს ევროპის საბჭოში, საინტერესოა. ასევე, ევროგაერთიანების კომისიამ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, ფაქტობრივად,10 წლით გადადო საერთოდ ევროკავშირში მიღების პროცედურა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ცნობისათვის, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით. შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა. ამ სიაში არიან თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშილი. თამარ ხულორდავა სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გიორგი გებაძე, ზვიად ძიძიგური და გიგა ბუკია.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება" და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×