„ყველა მინუს ერთი" სტრატეგია პირველი შემთხვევა არაა, ყველა ხელისუფლების დროს ამ მეთოდმა აქტიურად იმუშავა, მთელი ოპოზიციის მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა, შესაბამისად ჯერ მთავარი კონკურენტი უნდა მოიშორონ და შემდეგ შიდა კონკურენცია გააგრძელონ".
ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, ოპოზიციის საერთო გეგმას „ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ.
„რეზონანსი": „ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას მისი წევრები ნელ ნელა ტოვებენ. როგორ ფიქრობთ, დაიშლება თუ არა გუნდი?
არჩილ გამზარდია: ეს გუნდი თავისი თვისებებით საბჭოთა კოლექტივს წარმოადგენს, რომლებიც გუნდურად კი არ მართავენ, არამედ ისინი ლიდერის მოთხოვნებს ასრულებენ, მმართველი ძალის მიმართ საზოგადოებაში იმდენი პრეტენზიებია, რომ თავისთავად ეს ჯანსაღი პროცესი უნდა იყოს, მაგრამ, როდესაც საქმე გუნდის ხელოვნურ გაშლასთან გვაქვს, მაშინ ამას შესაძლოა სხვა პოლიტიკური პერსპექტივებიც ჰქონდეს.
„ქართული ოცნების" დაშლა ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, იმიტომ, რომ დაბანკროტებული პოლიტიკური ძალაა, მისი წევრები ხედავენ, რომ ერთადერთი, რის ხარჯზეც ეს გუნდი დღემდე მმართველის რანგშია წარმოდგენილი, ესაა სახელმწიფო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, მათ ამის იქით მათ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ,მათ მოტივაცია აღარ რჩებათ საიმისოდ, რომ გუნდში დარჩნენ.
პარტიის დაშლას რაც შეეხება, შესაძლოა „ოცნებიდან" ერთი ნაწილი სტრატეგიული აგენტურების სახით ოპოზიციაში წავიდეს და მეორე ვარიანტია, რომ გარკვეული დამოუკიდებელი პოლიტიკური წვრილ-წვრილი ერთეულები შეიქმნას საიმისოდ, რომ შემდგომ საპარლამენტო სივრცეში „ქართული ოცნების" ნაცვლად, სხვა ბრენდები შევიდნენ და ამის პირობებში ერთგვარი იმიტაცია შეიქმნას იმისა, რომ ბიძინა ივანიშილის ძალაუფლება ან შემცირდა, ან გაქრა, მაგრამ არაფრით არ შეიცვალოს მისი გავლენები.
„რ": ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მათთვის მოულოდნელი იყო, ამიტომაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ ჰქონიათ, გუშინ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, თქვენი აზრით რამდენად გაამართლებს მათი სტრატეგია?
ა.გ.: ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის, რომ როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ამბობს, რომ სხვა ვარიანტი გათვლილი არ ჰქონდა, ჯერ ერთი საზოგადოებაში ამის შესახებ მოსაზრებები იყო, რომ შესაძლოა ეს იდეა ჩაშლილიყო, როდესაც ალტერნეტიული მოსაზების რაიმე საფუძველი არსებობს პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამისი სტრატეგია უნდა განსაზღვრონ, ეს გულწრფელი პასუხი არ მგონია, რომ მათთვის მოულოდნელი იყო და თუ გულწრფელია, მით უარესი, აბა რისთვის არიან პოლიტიკოსები, რომ რამდენიმე ვარიანტი ივარაუდონ.
რაც შეეხება იმ მოდელს, რაც ოპოზიციის შეკრებას მოჰყვა, საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა ამ გეგმით რევოლუციის მომზადებას, იმიტომ, რომ სამართლებრივად რაღაცეები ვერ ჯდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ გეგმით პროცესი საკმაოდ გაწელილი იქნება, ტექნიკური მთავრობის ზეგავლენით, საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება როგორ მოხდება, ცოტა უცნაურია, მგონია, რომ ეს ცოტა არ იყოს უტოპიური მოთხოვნებია, რომლის სამართლებრივად გაფორმება ძნელია.
ასეთი ტიპის მოთხოვნების მთავარი იდეა შესაძლოა იყოს ან რევოლუციური მუხტის შექმნა, ან ვადამდელი არჩევნები, ოღონდ ერთიც საფრთხილოა და მეორეც, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში საინტერესოა თუ რა მეთოდოლოგიით ჩატარდება ის, ხოლო რევოლუციურ გეგმაში საზოგადოების სოლიდური მხარდაჭერაა საჭირო, არა მხოლოდ ადგილზე, სადაც პროტეტსია, არამედ მის იქითაც.
„რ": ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე რას იტყვით, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი კანონპროექტის ჩაგდებით წუხს?
ა.გ. : მეტ-ნაკლებად გონიერი პოლიტიკოსი ორივე მოსალოდნელ ვარიანტს უნდა განიხილავდეს, რასაც ივანიშვილი დეკლარირებს სულ რომ მართლად ჩავთვალოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ვარიანტზეც უნდა ეფიქრა.
მნიშვნელობა არ აქვს ეს განცხადება წინასწარ დაწერა თუ ჩააწყო, მნიშვნელობა იმას აქვს თუ შედეგი რა იყო , ამ წერილით ივანიშვილს საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებაზე უნდა ემოქმედა, რომ დაეჯერებინათ მისთვის, რომ ეს მხოლოდ შიდა პროცესია და არა მისი ძალაუფლების შედეგი, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებაში არანაირი პოზიტიური შედეგი არ ჰქონდა.
„რ": ოპოზიცია ამბობდა, რომ ისეთი ადამიანებთან გაგვაერთიანა ბიძინა ივანიშვილმა ვისაც გამარჯობასაც არ ვეუბნებოდითო.
ა.გ.: „ყველა მინუს ერთი" სტრატეგია პირველი შემთხვევა არაა,ყველა ხელისუფლების დროს ამ მეთოდმა აქტიურად იმუშავა, მთელი ოპოზიციის მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა, შესაბამისად, ჯერ მთავარი კონკურენტი უნდა მოიშორონ და შემდეგ შიდა კონკურენცია გააგრძელონ, აქ დასაკვირვებელი ერთი თემაა, შეიცვალა თუ არა დღეს ამ საკითხზე საზოგადოების აღქმა, ეს პოლიტიკური სუბიექტები ერთად დგომით საზოგადოების კონსოლიდაციას აძლიერებენ თუ პირიქით, ამით ერთმანეთის დისკრედიტაციას ახდენენ.