„ქართული ოცნება" დაშლის პირას იმყოფება, მმართველ გუნდს უკვე მეორე დღეს ელვისებური სისწრაფით მისი წევრები ტოვებენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა. უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა და არ არის აგმორიცხული მათი რიგები გაიზარდოს.
გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა "კონსერვატორებთან" კიდევ 9 დეპუტატმა დატოვა, მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ფრაქციამაც დატოვა. აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობა აკაკი ზოიძემ და რომან კაკულიამაც დატოვა, თუმცა, მედიასთან მათ ე ინფორმაცია უარყვეს.
"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ საქართველო ბოლო 8 წელია პოლიტიკურად აუტანელ გარემოში იმყოფება და "კონსერვატიული პარტია" არ აპირებს დარჩენას იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა.
"ასევე, მინდა განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როდესაც გუნდს ძალიან ვჭირდებოდით. ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის.
"ჩვენ არასდროს არ წავსულვართ, არც ერთხელ კონსერვატორებს არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო, ხშირად დავზარალებულვართ კიდეც პოლიტიკური თვალსაზრისით.
"არ ვაპირებთ დარჩენას იქ, სადაც იღებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს უჭირთ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ საუბარი. ასევე, ვერ ამბობენ კონკრეტულად, ვისთან გაგრძელდება თანამშრომლობა და როგორ დაკომპლექტდება ფრაქციები.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან სამომავლოდ თანამშრომლობას, არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე, რაიმე სახის გეგმა არ არსებობს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გუნდის დაშლას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, იმაში კატასტროფა არაფერია, რომ 2020 წელს ქვეყანა არჩევნებს პროპორციუილი სისტემით არ ჩაატარებს. ხოლო გუნდის წევრების წასვლის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა ძალებს მოიკრებს და მომავლზეც პასუხისმგებლობას აიღებს:
"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ, ხვალ 11 საათზე უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, ჩვენ მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას,"- აღნიშნა თალაკვაძემ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ივანიშვილს რა გეგმა ჰქონდა „ოცნების" შიგნით, ყველას არ გააგებინებდა. მისი თქმით, ეს ვირეშმაკული ჩანაფიქრი ყველას რომ სცოდნოდა, რეალურად არ გამოუვიდოდა, თანაც ზოგის გაკვირვებული სახე ბუნებრივიც უნდა ყოფილიყო, რომ მთლად ეჭვებიც არ გაჩენილიყო.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს სპექტაკლი ყველას უნდა ეჭამა და გაჟონვის შიშით, გუნდის ზოგიერთი წევრიც კი მართლა გაოგნებული დარჩა. ხოლო რაც შეეხება
„ოცნების" დაშლას, ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ ყველაფრის ფონზე რაც მოხდა, ალბათ საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
„ფაქტია, რომ მათი პოლიტიკური რეპუტაცია ნულის ტოლია. მათ სიტყვას ფასი არა აქვს. არც რაიმე მოლაპარაკებას, რადგანაც შეიძლება დილით დაგთანხმდნენ და საღამოს გადაგაგდონ. არანაირ პოლიტიკურ ეთიკას არ იცავენ. ერთად იქნებიან თუ დაიშლებიან, ეს უკვე ხალხისთვის სადარდებელი აღარ უნდა იყოს. ხელისუფლებამ მარტო ჩვენ ხომ არ გადაგვაგდო. ის თანაგუნდელებიც გადააგდეს, რომლებსაც აჯერებდნენ, რომ ეს საარჩევნო სისტემა აუცილებლად გავიდოდა.
"ისინიც თავის მხრივ დადიოდნენ და საერთაშორისო პარტნიორებს არწმუნებდნენ. მთელი დასავლეთი მოატყუეს, ჩუგოშვილიდან დაწყებული დადიოდნენ და ამხელა ტყუილს ამბობდნენ. იქ რომ კითხვები ჩნდებოდა, ესენი თავდებად უდგებოდნენ. ამაზე „ოცნება" როგორც შემდგარ ფაქტზე ისე საუბრობდა.
"გასაგებია, რომ ეს დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში ჩადგნენ. რა თქმა უნდა, ადამიანს შინაგანი პროტესტის გრძნობა გაუჩნდება. აბა გადახედეთ ვინღა დარჩა. აბსოლუტურად სტერილური ადამიანები, ანუ ინგლისურის და კომპიუტერის მართლა არ მცოდნე ხალხი. შეუძლიათ პარლამენტში კომპიუტერების დემონტაჟი მოახდინონ, ხინკლის სახარში შეიტანონ, ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი და ნარდი, გაერთონ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებონ", - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების არ დანიშვნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ახლა „ოცნებამ" მიიღო. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პოლიტიკური სპექტრი იმისთვის მზად არ არის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ამას ისევ და ისევ ორ პოლუსიანობამდე მივყავართ. მისი თქმით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ჯერ ფორმირებული არ არის და ამას დრო სჭირდება. ამიტომ მაისში გაიმართება თუ ოქტომბერში რა მნიშვნელობა აქვს. ხუხაშვილის განცხადებით, მთავარია ხელისუფლება, რომელიც არანაირ თამაშის წესებს არ იცავს და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის ნებისმიერ ეთიკის მიღმა საქციელზე, ის უნდა დაისაჯოს.