„თვითონ გააკეთეს განცხადება, რომ ჰქონდათ შეხვედრა, სადაც იყო შეთავაზება ხომ არ შეცვლიდნენ გადაწყვეტილება და შემდეგ მმართველ გუნდში გააკეთეს განცხადება, რომ გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა ადასტურებს ურთიერთპატივისცემას," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი 15 ნოემბერს „ოცნებიდან" წასული დეპუტატების ნაწილისა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე საუბრისას.
15 ნოემბერს „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი - თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. დეპუტატები ოფისში ავტომანქანებით ავტოფარეხის მხრიდან შევიდნენ და ისინი „მთავარი არხის" კამერამ დააფიქსირა.
ცნობისათვის, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით.
შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა. ამ სიაში არიან თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური და გიგა ბუკია.
ზაზა ხუციშვილი „ქართული ოცნების" რიგებიდან წასული დეპუტატების მიერ ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს.
„ამაზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ გვქონია. რა თქმა უნდა, ფრაქციის შექმნა კიდევ უფრო დიდ საშუალებებს იძლევა ცვლილების, აქტიურობის და ა.შ. გამორიცხული ალბათ არაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე, მე პირადად, არანაირი კონსულტაცია არ მქონია," - ამბობს ხუციშვილი.
მისივე აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების ტენდენცია აღარ გაგრძელდება.
„ნათქვამია, რომ ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოო. ჩვენი შედარებით სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ორი დღე საკმარისია ყველანაირი ფიქრისთვის და ვინც არ წამოვიდა, მგონი აღარ წამოვა.
„ჩვენსა და ზვიად ძიძიგურის ფრაქციის გარდა, კიდევ დაახლოებით 14-მა დეპუტატმა უნდა დატოვოს, რომ უმრავლესობის შენარჩუნების პრობლემა შეიქმნას. ეჭვი მეპარება, 14-მა დატოვოს უმრავლესობა," - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.