ელზა პაპოშვილი
16.11.2019

 „მე  საქართველოს  მიწაზე ვიმყოფები, საქართველოს საზღვარი ფოსუდან და როკის გვირაბიდან იწყება“, - ეს სიტყვები  9 ნოემბერს ოკუპანტების მიერ დაკავებულმა ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა  წარმოთქვა. 

საოკუპაციო ხაზთან ახლოს ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ამის შემდეგ მასთან კონტქტი შეუძლებელი გახდა. 

ოჯახმაც არაფერი იცის, მათ სახელმწიფო უწყებებიდან მხოლოდ ის გაიგეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზია ამუშავებული და ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი ნოემბრის დასაწყისში  ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების, თამარ გიგაურის დახმარება იყო. მას თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს და პირველადი დახმარება ცხინვალში აღმოუჩინეს, თუმცა ოჯახს კვალიფიციური დახმარების მიღება თბილისში სურდა. 

გიგაურს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს და ამჟამად სახლში, ახალგორში იმყოფება. 

ამ დროისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილსამყოფელის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

„რეზონანს“ მისმა მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განუცახდა, რომ დაკავებისას ის   პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. სხვა მათ ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მისივე თქმით, ექიმს ოჯახისთვის არ უთქვამს ზუსტად სად მიდიოდა, ამიტომაც ისინიც ინფორმაციას მედიით და სახელმწიფო სტრუქტურებიდან იღებენ.

„სახლიდან რომ გადიოდა, მითხრა - საქმეზე მივდივარო, ისიც არ ვიცოდით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ამის შედეგ დარეკა და თქვა, რომ მაკავებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიმყოფები იცოდეთო. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა. მითხრა, რომ ტელეფონს მათიშინებენ  და მეტს ვერაფერს ვეღარ გეტყვიო. ვფიქრობთ, რომ ექიმებს საერთაშორისო დონეზე მივმართოთ, მთავარია რამენაირად დავიბრუნოთ“, - აცხადებს თამილა ლაფანაშვილი „რეზონანსთან“.

ოჯახმა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს უკვე მიმართა. ის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალში მუშაობს, უფლება აქვს დაკავებულები მოინახულოს, მათ პირობებს გაეცნოს და ოჯახს აცნობოს. „წითელ ჯვარს“ წერილების გაცვლა და პატიმრებისთვის მედიკამენტებით დახმარებაც შეუძლია.

„წითელი ჯვრის“ გარდა, საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რდომ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 13 ნოემბერს გავრცელდა დე ფაქტო რესპუბლიკის მედიით. ამის შემდეგ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლობამ, რომ აამოქმედეს ცხელი ხაზი დაკავებულის გასათავისუფლებლად. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი კი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის გამიზნულად დარღვევის ბრალდებით აღიძრა. საქართველოს სხვა სამი მოქალაქე კი  ჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალიდან გამოაძევეს. მათი სასამართლო 13 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ თანხის გადახდა გაჭიანურდა და ამის გამო დავით მიშელაშვილს, რამაზ ზადიშვილსა და ზურაბ ტუხიაშვილს კიდევ ერთ დღეს მოუწიათ ყოფნა ცხინვალის იზოლატორში. 

ექიმი დავით ღვინიაშვილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიკოსები ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს გაესაუბრნენ და ექიმის პატიმრობის მიზეზი მათგან მოისმინეს.

„პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ“, - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.  

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. 

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან - ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც. ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა“, - წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუკზე“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×