„მოქალაქეები ვაჟა ექიმისთვის“ - ასეთი სათაურით ვრცელდება სოციალურ ქსელში დაანონსებული აქცია, რომელიც 18 ნოემბერს, დილის 11 საათზე გაიმართება თბილისში, გაეროს ოფისთან. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები მიმართავენ გაეროს წარმომადგენელს საქართველოში და საჯაროდ გააპროტესტებენ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.
აქციის ორგანიზატორ ლაშა მესხის ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა უკვე შეადგინა წერილი, რომლითაც უნდა მიმართონ გაეროს წარმომადგენელს. „რეზონანსი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დოქტ. საბინე მახლის
ძვირფასო ქალბატონო საბინე,
მოგმართავთ საქართველოს რიგითი მოქალაქეები. თითქმის 10 დღეა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეობაშია. გავრცელებული ინფორმაცით მას საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექიმი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე პროფესიული მოვალების გამო გადავიდა.
კონფლიქტის ზონებში ექიმების დაკავება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ნორმებს.
ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეები მოგმართავთ გაეროს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადებში უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას.
პატივიცემით
საქართველოს მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფი“.
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა გაიტაცეს. 15 ნოემბერს ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახისა და ახლობლების ცნობით, იგი არ აღიარებს, რომ „საზღვარი გადაკვეთა“ და ცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან გადის.
ალექსანდრე კორტავა