თამარ შუკვანი
18.11.2019

 „ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება უკანონო და მანიფესტანტების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა იქნება, ამიტომ ხაზგასმით და დაბეჯითებით ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ. თუ ხელისუფლება ძალადობრივ ნაბიჯებს გადადგამს, პროტესტი და მონაწილეთა რიცხვი გაათმაგდება, რაც ქვეყანაში ძალიან სერიოზულ ქაოსს გამოიწვევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" იურისტი ლია მუხაშავრია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

პარლამენტის შენობა პიკეტირებულია აქციის მონაწილეების მიერ, თუმცა, 18 ნოემბერს დილით, დეპუტატებმა საკანონდებლო ორგანოში შესვლა მაინც სცადეს, რაც უშედეგოდ დასრულდა, მანიფესტანტებმა „ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

იურისტის შეფასებით, პარლამენტის შენობის პიკეტირება კანონის ფარგლებში ჯდება, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას ითვალისწინებს.

„როდესაც არ გვაქვს კანონი და სამართლებრივი მექანიზმები, პარლამენტის ის დეპუტატები გამოვიწვიოთ, რომელთა ქმედება ასეთი აღშფოთების საფუძველი ხდება, რჩება გზა, აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი პიკეტირება მოაწყონ, რომელიც არაძალადობრივია და როგორც ჩანს, იქითა მხარესაც ფიქრობენ რა მოიმოქმედონ.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის პარლამენტის უშუალო მოქმედების მიზეზი და შედეგი. ამიტომ, პარლამენტმა უკან უნდა დაიხიოს და შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებამ და ამომრჩეველმა წაუყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

„პროტესტს კანონიერი ხასიათი აქვს და მანიფესტანტების მხარეს არავითარი შედეგი არ უნდა მოჰყვეს. ვხედავთ კიდევაც, რომ პოლიცია ჯერჯერობით არავის აკავებს, რადგან არაფერი ხდება.

"ეს ვითარება წარმოშობს იმ საკითხს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. ამ პარლამენტმა და სააკაშვილის პარლამენტმა, ხალხს წაართვეს უფლება დეპუტატი გამოიწვიონ პარლამენტის რიგებიდან და შეიყვანონ სხვა, რომელიც იგივეს არ გაიმეორებს. რადგან ასეთი კანონი არ გვაქვს და ეს უფლება წაგვართვეს, ჩვენი უფლებაა უკმაყოფილება გამოვხატოთ ასეთი არაძალადობრივი ფორმით.

"ეს გამოხატვის თავისუფლებისა და მანიფესტაციების, შეკრებების კანონის სფეროში ჯდება, რადგან მას ძალადობრივი ხასიათი არ აქვს. ხელისუფლება ვალდებულია მოთხოვნები შეასრულოს," - ამბობს მუხაშავრია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატები პარლმანეტში ვერ შევლენ და რამდენად მოსალოდნელია, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება? - იურისტი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ხელისუფლებას ურჩევს, ძალადობრივი ნაბიჯები არ გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მათთვის უფრო სავალალო იქნება.

„ეს კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება მანამ, სანამ უმრავლესობა და პარლამენტის დეპუტატები არ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ ამ ორგანიზებულ მანიფესტანტებთან და გაიზიარონ მათი მოთხოვნები. ჭიშკრების ჩაკეტვის იდეა არის ის, რომ ვერ შევიდნენ და არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანიფესტანტებთან და საზოგადოებასთან შეთანხმებული არ იქნება.

„როგორც კი დაიწყება მოლაპარაკებები, სულ არ არის აუცილებელი პარლამენტის შენობაში მოხდეს ეს, არამედ პარლამენტის შენობის გარეთ, პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ინებონ და გაიხსენონ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მათ ეს ძალაუფლება დროებით აქვთ მიცემული იმ არჩევნების პერიოდში, რომლითაც მათი მანდატები მოქმედებს. კეთილი ინებონ და ყური დაუგდონ საზოგადოების მოთხოვნებს. უნდა გაიმართოს კონსულტაციები, მოხდეს შეთანხმდნენ. მანიფესტანტები მისცემენ საშუალებას შევიდნენ პარლამენტში და კენჭი უყარონ იმ საკანონდებლო ინიციატივას, რომელიც მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებად აუცილებელი იქნება.

„ხელისუფლება ვალდებულია შექმნას სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება ყველასთვის, მაგრამ არა მარტო თავისთვის და იფიქრონ იმაზე, რაც გააფუჭეს, როგორ გამოასწორონ. „ხმა ღვთისა და ხმა ერისა" გაიგონონ და შეასრულონ მოთხოვნები, არა ისე ყასიდად, როგორც ეს 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გააკეთეს, არამედ რეალურად. სანამ მანიფესტანტები მყარ პირობას არ მიიღებენ, რომ მათი მოთხოვნები შესრულდება, არ მისცემენ უფლებას პარლამენტში შევიდნენ და მოაწყონ კენჭისყრა," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ცნობისათვის, ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არცერთ დეპუტატს. შესასვლელებში კარვები გაიშალა და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, „ევროპულმა საქართველომ" ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პარლამენტის შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში რეაგირებას ექნებათ. მათი თქმით, გუშინ, 17 ნოემბერს რუსთველის გამზირზე დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რომლითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. „ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სრულიად ოპოზიციური სპექტრი საერთო მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×