თამარ შუკვანი
18.11.2019

 „სტაბილურობის მიღწევა შეიძლება იმით, რომ „გერმანული მოდელის" გამოტანაზე დაიწყონ საუბარი, თუმცა, არ ველოდები ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომაც, სიტუაცია ალბათ ასე დარჩება. მნიშვნელოვანია ის, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს; დაიწყებენ პარლამენტის შენობის მოხნას ძალის გამოყენებით, თუ მიუშვებენ პროცესს სანამ თავისით დაიშლებიან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრისას.

პარლამენტის შენობა პიკეტირებულია აქციის მონაწილეების მიერ, თუმცა 18 ნოემბერს დილით, დეპუტატებმა საკანონდებლო ორგანოში შესვლა მაინც სცადეს, რაც უშედეგოდ დასრულდა, მანიფესტანტებმა „ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

ძაბირაძე ვითარების დასტაბილურების ორ გზაზე საუბრობს; ან ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით გახნას პიკეტირებული პარლამენტის შენობის შესასვლელი, ან დაელოდოს აქციის მონაწილეთა ვნებათაღელვა როდის ჩაცხრება;

„ხელისუფლებას არჩევანი აქვს; შეუძლია გვერდზე გადგეს და ეს პროცესი თვითდინებით მიუშვას, რომელიც საბოლოოდ დაიშლება, ან შეუძლია დაშალონ, ძალა გამოიყენონ და შესასვლელი გაათავისუფლონ იმ კანონზე დაყრდნობით, რაზეც ლაპარაკობენ, თუმცა, ამით გარკვეულწილად საპროტესტო ტალღა არ ჩააცხრონ და დაიყვანონ რადიკალიზაციისაკენ, თუ მათ უნდათ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„ოპოზიცია სიტუაციას წარმოჩენს ისე, თითქოს ხელისუფლებას ის კარნახობს რაღაცას, სამწუხაროდ პირიქითაა; ხელისუფლებას უფრო მეტი მოქმედების დიაპაზონი აქვს, ვიდრე დღევანდელ ოპოზიციას. (მოთხოვნა პარლამენტს უნდობლობა გამოუცხადონ) ეს არის გულიბრყვილობა. თუ ხელისუფლებას სურს, რომ ეს ყველაფერი ჩაცხრეს და ოპოზიცია საერთოდ ნულოვან ნიშნულზე დასვას, ხელისუფლება ხმას არ გაიღებს და ამ პროცესს მიუშვებს.

„დღევანდელი ოპოზიცია სწორედ ის არის, ხელისუფლებაში რომ იყო 2009 წელს და მის წინააღმდეგ ოპოზიციამ კარვების ქალაქი გაშალა მთელ თავისუფლების მოედანზე. რა შედეგი მიიღო მაშინდელმა ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გრძელდებოდა? - ეს ხომ მაინც უნდა ახსოვდეს დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო. ქვეყანაში ოპოზიცია იმას ნუ უყურებს, რა რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას," არამედ იმას, რა სიტუაციაა ქვეყანაში და რა დამოკიდებულება არსებობს. შეიძლება ძალიან უნდათ, მაგრამ არ არის რევოლუციური სიტუაცია," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×