თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 „ეს უფრო პროპაგანდისტული კარნახია,ვიდრე რეალურად მოსახლეობის განწყობა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს. IRI-ის გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში არმია 86%-ით ლიდერობს, მეორეზეა ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%.

კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს" - 5", „ლეიბორისტულ პარტიას" კი ასევე 5%.

4% ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს", 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას" მისცემდა, „ახალ საქართველოს" - 2%, „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს" - 3%, „ლელოს" - 2%, „გირჩს" - 1% და „შენების მოძრაობას" - 1%.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ არმიის ნდობის მატება და პირველ ადგილზე გადანაცვლება არადამაჯერებელია, რადგან მოსახლეობას არმიის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ეკლესიის მიმართ ჰქონდა, არასოდეს გამოუვლენია.

„ძალიან უცნაური რეიტინგებია. ცოტა არადამაჯერებელია, რომ არმიას პირველი ადგილი ჰქონდეს, როცა მოსახლეობას არმიის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ეკლესიის მიმართ ჰქონდა, არასოდეს გამოუვლენია. მაინც მგონია, რომ ამ კვლევაში უფრო მკვლევარების დამოკიდებულება აისახა, ვიდრე ხალხის.

„ეკლესიამ ძველთან შედარებით დღეს ნდობა დაკარგა, მაგრამ არმიამ მოიპოვა? თორემ ეკლესიას დაღმასვლა ჰქონდა, უცბად წამყვანი რეიტინგის მქონე არმია რატომ ხდება, ეს დამაჯერებელი არაა.

„ამავე კვლევებში დავით უსუფაშვილი პიროვნულ რეიტინგებში მესამე ადგილზეა, ამ დროს მისი პარტია, რომელშიც არსებითად მხოლოდ უსუფაშვილი ჩანს. 1%-იანია, გაუგებარია. ასევე გაუგებარია ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლევებში რეიტინგი მოიმატა და რის ხარჯზე?" - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა კარნახს გავს, რათა მოსახლეობის განწობას მიმართულება მისცეს.

„მე საერთოდ არ ვენდობი უცხოელების ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს. საქართველოს გარდა ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით ხელმძღვანელობენ.

„ამ კვლევების შედეგებიც ისეა გაკეთებული, რომ მოსახლეობის განწყობაზე გარკვეული მიმართულებით იმოქმედოს, უკარნახოს მოსახლეობას, რომ ეკლესია რეიტინგს კარგავს, რომ სახელმწიფოსთვის მთავარი ჯარია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ადრე 9% ჰქონდა ახლა 15% აქვს - ეს ყველაფერი ხომ მოსახლეობისთვის კარნახია.

„ეს უფრო პროპაგანდისტული კარნახია, ვიდრე რეალურად მოსახლეობის განწყობის ასახვა. ბოლო პერიოდში „ნაციონალები" ხალხს ვეღარ აგროვებენ და მზარდი რეიტინგის პარტია თუა, მიტინგზე მოსახლეობას რომ ვერ აგროვებდეს, არადამაჯერებელია", - აცხადებს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×