თამარ შუკვანი
19.11.2019

 ვინ შეცვლის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს თამარ ჩუგოშვილსა და ზვიად ძიძიგურს, რომლებმაც საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს უკვე ოფიციალურად მიმართეს, ამ დრომდე უცნობია. როგორც უმრავლესობის დეპუტატები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, განხილვა და შეკრება უმრავლესობაში ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ყოფილა.

„დედამიწის ზურგზე მგონი არავის აინტერესებს ეს საკითხი. დაინიშნოს სხვა, რა მოხდება ამით? - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ხომ ვცხოვრობთ ადამიანები, მივდივართ, მოვდივართ, ვსწავლობთ, ვასწავლით, გვყავს ოჯახი, შვილები, შვილიშვილები... არანაირი მნიშვენლობა არ აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის ვინ იქნება ვიცე-სპიკერი," - ამბობს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი „რეზონანსთან" საუბრისას.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით შეკრება ჯერ არ ყოფილა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიმართვა ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა. თამარ ჩუგოშვილი ტოვებს როგორც პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ასევე ხაზინადართა საბჭოსა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს. ვიცე-სპიკერის პოსტს ტოვებს ზვიად ძიძიგურიც.

ამასთან, ვაკანტურია სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. კერძოდ, თანამდებობებს ტოვებენ ევროინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც არიან თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა და მარიამ ჯაში. სოფო ქაცარავამ უარი საპარლამენტო მანდატზეც თქვა.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტში ვაკანტური იქნება პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან პოსტებს ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ტოვებენ.

ცნობისათვის, გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩაგდება გახდა. მმართველი გუნდის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ სამი წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×