ელზა პაპოშვილი
19.11.2019

 ფოთში 70 წლის მოხუცმა 40 წლის  მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.

როგორც მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაპირისპირების მიზეზი ახალგაზრდას მხრიდან შენიშვნა იყო, რომელმაც მოხუცს მოუწოდა, რომ მის ეზოში დანთებული ცეცხლი ჩაექრო, რადგანაც ბავშვები და ავადმყოფი დედა ჰყავს, რომლებიც კვამლის დანახვაზე შეშინდნენ. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ შესაძლოა ხანძარი გაჩენილიყო. 

ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდას მოხუცმა დედა შეაგინა, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი მოხუცმა იქვე დაგდებული ნაჯახი აიღო და მეზობელს თავის არეში  ჩაარტყა. 

ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და მათი გაშველება შეძლეს. ამის შემდეგ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მის მდგომარეობა სტაბილურია. 

„ამ ახალგაზრდა ბიჭს საკმაოდ მძიმე ოჯახური სიტუაცია აქვს. ავადმყოფი დედა ჰყავს საწოლს მიჯაჭვული და მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც თავად გვითხრა, მოხუცს მის ეზოში ხის საამქრო აქვს გაკეთებული. ამ ფართზე დიდი ხანია დაობენ, ორივე ამბობს, რომ მათია. ამაზე სასამართლოში საჩივარიც ჰქონდათ შეტანილი. 

„მოხუცს დაუნთია ცეცხლი და კვამლი მეზობლის სახლის ფანჯრებში შედიოდა. თანაც ეს ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის საფრთხე იყო და ამის გამო მოუწოდა ცეცხლი ჩაექრო. მან კი დედა შეაგინა. 

„ალბათ ამ ბიჭმა გაარტყა თუ რა იყო, ამ მოხუცმაც თავის დასაცავად  ნაჯახი მოუქნია. კიდევ კარგი, რომ ჭრილობა ღრმად არ არის, ძლივს არის გადარჩენილი. ყვირილზე და ამ ჩოჩქოლზე მერე მეზობლებიც გამოვედით და სასწრაფო გამოვიძახეთ. ეს კაცი, როგორც ვიცი, გაიქცა და პოლიცია ეძებდა“, - აცახდებს დაჭრილი მამაკაცის მეზობელი „რეზონანსთან“.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა კონტაქტურია და დაზიანება ღრმა არ არის.

„პაციენტს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×