ია აბულაშვილი
19.11.2019

 მას შემდეგ, რაც პარლამენტში მაჟორიტარების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩავარდა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტეტსო აქციები მოჰყვა, „ქართული ოცნებია“ მაჟორიტარები ახალი ინიციატივით გამოდიან და სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მაჟორიტარი დეპუტატების სახელით განცხადებას ავრცელებს დიმიტრი ხუნდაძე, სადაც ნათქვამია, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად და შემჭიდროვებულ ვადებში წარუდგინონ პარლამენტს, რათა, მათი აზრით, ყველაზე დემოკრატიული და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია, სინანულს განვიცდით ამ სტრატეგიული შეცდომის გამო.

„მაჟორიტარული სისტემა, ცხადია, არ არის უნივერსალური, მაგრამ აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის რეალურ მმართველობას და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის თანამედროვე ეტაპზე“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.

როგორც „რეზონანსთან“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ განაცხადა, მას ამ ინიციატივის შესახებ არ სმენია და მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭირა. იგივე დაადასტურა მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ.

არანაირ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია და პირველად თქვენგან მესმის ამ ინიციატივის შესახებ. ვერ გეტყვით რას ეფუძნება ეს განცხადება, რადგან პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორიუცლ საარჩევნო სისტემაზე გადსვლის პროცესს. 

„თავიდან ნათქვამი იყო, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა 2024 წელს, 2020 წელი კი იქნებოდა მოსამზადებელი პერიოდი. მაჟორიტართა გარკვეული ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და გაცხადებული ჰქონდათ. მერე ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები და უმრავლესობის შეხვედრაზე მაჟორიტარებმა ძირითად არგუმენტად მოიყვანეს მოსახლეობა, რომელთანაც მათ უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, რომ მათი წარმომადგენლები არიან პარლამენტში.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, თუ დადგება განსახილველად, მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. ჩემი აზრით, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა, იქნება ეს პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული, მარტივი თემა არ არის, ეს ერთგვარი მეცნიერებაა და ყველა სისტემას კარგად გააზრება და გათვლა სჭირდება. 

„ეს არ არის კალკა, რომ აიღო და გადმოიღო, არც ცხელ გულზე მისაღები გადაწყვეტილება. 230 წელია ამერიკამ უნიკალური კონსტიტუცია მიიღო, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება არჩევნები, ეს მოდელი დიდი ხანია გამოსცადეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემა", - განაცხადა "რეზონანსთან" ლადო კახაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, კონსტიტუციით არანაირი ალტერნატიული პროექტი 2020 წლისთვის არ მოესწრება.

„ვინ არის ხუნდაძე, საიდან მოვიდა, ან სად მიდის - ეს საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის და ვფიქრობ, რომ საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე ხუნდაძის ინიციატივებზე იმსჯელოს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გადააგდო ხალხი და გადააგდო ხუნდაძის ხელით.

კონსტიტუციით არანაირი ალტერნატიული პროექტი 2020 წლისთვის არ ესწრება, ეს მშვენივრად იცის ხუნდაძემ, მაგრამ ეს არის მცდელობა დააბნიონ საზოგადოება და მერე ჩვენ ჭკვიანი სახეებით ვიფიქროთ", - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×