თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 „ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე სწორედ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის საპრეზიდენტო სასახლის ხარჯებს მიუღებლად მიიჩნევდა, ახლა კი სახეზე ამ კუთხითაც ორმაგი სტანდარტი გვაქვს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან", ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ინფორმაციას, რომ ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა.

გარდა ანტიკვარიატისა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხიდან 255 000 ლარი რეზიდენციის რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

გამზარდია თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფინანსური ხარჯების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნევს შეიცავს.

„ვფიქრობ, ეს იმ სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ფინანსური ხარჯების მიზანშეწონილობა საკმაოდ დიდ კითხვებს შეიცავს. აქ მხოლოდ ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან დიდ ხარჯებზეც კი არაა საუბარი. თუ ხარჯი გამართლებულია, შეიძლება რამდენადმე ამ ძალისხმევის გაგება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ფუფუნების ნივთებზე და არა მიზნობრივ ხარჯზე.

„მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე სწორედ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის საპრეზიდენტო სასახლის ხარჯებს მიუღებლად მიიჩნევდა, ახლა კი სახეზე ამ კუთხითაც ორმაგი სტანდარტი გვაქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საბიუჯეტო ხარჯების მიზანშეწონილობასა და მოცულობის კონტროლი პრაქტიკულად არ ხდება. ამიტომაც სახელიმწიფოს მოხელეებს, სამწუხაროდ, იდილიური პირობები აქვთ საიმისოდ, რომ საკუთარ ნებაზე განკარგონ ანგარიშვალდებულების გარეშე თითოქეული მოქალაქის გადასახადით მიღებული საბიუჯეტო ხარჯები", აცხადებს გამზარდია.

რამდენიმე დღის წინ ამ თემასთან დაკავშირებით „მთავართან" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ „თანხა სოლიდურია, მაგრამ ის იმსახურებს ამ თანხას. მე ვფიქრობ, რომ სამუზეუმო ექსპონატები გადაურჩა დაკარგვას და საქართველომ ამით არაფერი დაკარგა".

გამზარდია ჩუბინიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გადარჩენილი სამუზეუმო ექსპონატი მუზეუმში უნდა მოთავსდეს და არა რომელიმე სახელისუფლებო უწყებაში.

„თუ სამუზეუმო ექსპონატების გადარჩენაზეა საუბარი, მაშინ ამას სჭირდება შესაბამისი მოტივაცია და თემატურად მოტივირებული უწყების ფინანსური რესურსი, ხოლო გადარჩენილი ექსპონატი უნდა განთავსდეს მუზეუმში და არა სახელისუფლებო უწყების შენობაში. ვფიქრობ, ჩუბინიძის ახსნა სრულიად მოკლებულია ამ შემთხვევაში მიზნობრიობას", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×