რეზონანსი
19.11.2019

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში ნესტიან საკანში მარტო იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძლადობას არ განიცდის, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ დე ფაქტო „კა-გე-ბეს" გუშინდელი განცხადების ფონზე გაფრინდაშვილის გათავისუფლება შეიძლება გაჭიანურდეს.

ცნობისათვის, ცხინვალის ე.წ. „კა-გე-ბემ" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, „აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში". რუსული გამოცემა „სპუტნიკის" ცნობით, რომელიც ცხინვალის „კა-გე-ბეს" განცხადებას ეყრდნობა, ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში სამხედრო ექიმი და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო. თუმცა, ცხინვალის ხელისუფლება არე აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება „აქტიურ მონაწილეობაში".

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის ცნობით, 2008 წლის ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს ღუდუშაურის კლინიკა არ დაუტოვებია პაციენტების სიმრავლისა და საავადმყოფოს საგანგებო სამუშაო რეჟიმის გამო. ამას ადასტურებენ სხვა ექიმები და საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები.

ექიმის შვილი ირინა გაფრინდაშვილი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე ოსებსა და რუსებს. „ინტერპრესნიუსთან" საუბარში ის აცხადებს შემდეგს: „სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა".

„რეზონანსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ რთულია დასკვნის გამოტანა, გახდება თუ არა დე ფაქტო ხელისუფლების ეს განცხადება ქართველი ექიმისთვის ახალი ბრალდების წაყენების მიზეზი. თუმცა, ის შესაძლოა შემაფერხებელი გარემოება გახდეს დაკავებული ექიმის ქართული მხარისთვის 2-3 კვირის ფარგლებში გადმოცემის საქმეში. საუბარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მოქმედი მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან ექიმის გათავისუფლების სავარაუდო ვადა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

„დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება ცუდად მენიშნა, რადგან რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექიმი მალე გათავისუფლებოდა ტყვეობიდან. ვშიშობ, ამის გამო კიდევ არ დაუმძიმონ სასჯელი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება და ყველა საერთაშორისო სტრუქტურა ჩართულია ექიმის გამოხსნის საკითხში, თუმცა მათი საქმიანობა და რეალობა ერთმანეთს სცილდება," - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ექიმი ამჟამად ე.წ. უშიშროების საკანშია და მასზე ფიზიკური ზეწოლა არ ხდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ვითარება, რომელშიც ახლა იმყოფება, ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ალექსანდრე კორტავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×