თამარ შუკვანი
19.11.2019

 საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი მისწერა, სადაც უწმინდესი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აპირებს რუსი სასულიერო პირების გაგზავნას, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია. „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, სადაც გვითხრეს, რომ რუსეთის საპატრიარქოსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ და ელოდებიან.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპასუხო წერილს რუსეთის საპატრიარქო აუცილებლად მისწრეს საქართველოს პატრიარქს, თუმცა, კონკრეტულად, რა ზომებს შეიძლება მიმართოს ქართულმა მხარემ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი საპასუხო წერილი არ იქნება, მეუფე არ აკონკრეტებს.

„როგორც წესი, ყოველ წერილზე არის პასუხი და დაველოდოთ. მოვა ეს პასუხი და იმის მიხედვით ვისაუბროთ. რა ვიცი რა მოუვათ რუსებს თავში. პირველი შემთხვევა არ არის. წლების განმვალობაში, ადრეც საპროტესტო წერილებს ვაგზავნიდით რუსეთის საპატრიარქოში და ასე თუ ისე, რაღაც რეაგირება იყო-ხოლმე," - განაცხადა მიტროპოლიტმა.

თეოლოგი ლადო ნარსია ამ წერილს დაგვიანებულ რეაქციას უწოდებს და ამბობს, რომ თუკი რუსეთის პასუხი უარყოფითი იქნება, საქართველოს ეკლესიას შეუძლია კონსტანტინოპოლის საპარტიარქოს მიმართოს.

„საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება ძალზედ დაგვიანებულია, რადგან რუსეთი ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს; მას უკვე 11 მღვდელი ჰყავს მისი კურთხევით წარგზავნილი აფხაზეთის ე.წ. ეკლესიაში და ამსახურებს მათ. ეს საქართველოს საპატრიარქოს არ გაუპროტესტებია უკვე დაახლოებით ათი წელია, რაც ეს რუსეთის საპატრიარქომ დაიწყო.

„ასეთი დაგვიანებულ რეაგირებებს ავხსნიდი იმ პოლიტიკური ვნებათაღელვით ან გარემოებებით, რომელიც ამ პროცესების შემდეგ შეიქმნა. მათ სურთ საქართველოს საზოგადოებას დაანახონ, რომ რუსული პოლიტიკის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვთ.

„კონსტანტინოპოლის ის უფლება, რომელიც აპელაციის განმახორციელებელია მართმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, ეს უფლება ნებისმიერ ვითარებასა და დროში რჩება. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიამ უნდა ისარგებლოს ამ უფლებით და მიმართოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რაც უნდა გაეკეთებინა ბევრად ადრე.

„რუსეთის საპატრიარქომ შეიძლება ისევ ზეწოლა მიახდინოს საქართველოს საპატრიარქოზე და ეს განცხადება დარჩება განცხადებად, ჰაერში გამოკიდებული. სასურველი იქნებოდა ასეთი აპელაციით საქართველოს ეკლესიას კონსტანტინოპლის საპატრიარქოსთვის მიემართა," - განაცხადა ლადო ნარსიამ.

„რეზონანსი" საქართველოს პატრიარქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

„ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

„რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

„საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

„ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის," - აღნიშნულია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×