მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და "ევრო-5"-ის რეგულაცია 1 წლით გადაავადა
თამარ მუკბანიანი
19.11.2019

 საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტი 2020 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. სწორედ ამას ითხოვდნენ  ნავთობიმპორტიორები, ექსპერტები და ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანული დიზელის მომხმარებელია. შედეგად საქართველოში 20-25 თეთრით  იაფი დიზელის საწვავი ხელმისაწვდომი ისევ იქნება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბერს გამოსცა.

დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის გადავადებას ბიზნესი და იმპორტიორები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. ძირითადი არგუმენტი კი რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ზრდა და ამასთანავე, საწვავის გაძვირება იყო, რაც სპეციალისტთა შეფასებით 20-25 თეთრის ფარგლებში იქნებოდა. ეკოლოგიური ეფექტი კი, რომელზეც მთავრობა საუბრობდა,  ბუნდოვანია, რადგან მოძველებული ავტოპარკის პირობებში უკეთესი ხარისხის საწვავი გოგირდის შემცირებას ნაკლებად გამოიწვევს. 

იმპორტიორთა მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლიდან აზერბაიჯანში "ევრო-5"-ის ტიპის დიზელის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე  ვანო მთვრალაშვილი ,,რეზონანსთან” იმ დადებით მხარეზე საუბრობს, რაც მომხმარებელმა "ევრო-5"-ის სტანდარტის ერთი წლით გადავადებით მიიღო. ამაში ბიზნესომბუდსმენაც აქტიური როლი იტვირთა. 

,,ახალი დადგენილებით, ერთი წლით გადავადდა "ევრო 5"-ის სტანდარტის შემოღება. ნაცვლად 2020 წლის პირველი იანვრისა, გადაიწია 1 წლით. 

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისათვის და ამის გამო მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას და ბიზნესომბუდსმენს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული პროცესში. 

რაც შეეხება გადაწყვეტილების მთავარ მოტივაციას. დღეს საქართველოში დიზელის საწვავი შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი და სხვა. თუ "ევრო 5" ამოქმედდებოდა, აზერბაიჯანული საწვავი გამოაკლდებოდა ბაზარს, არადა სწორედ ის არის სხვა პროდუქტებთან შედარებით 20 თეთრით იაფი. იგი გამოიყენება გადაზიდვებში, დისტრიბუციაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და სხვა მსგავს დარგებში. ამიტომაც ჰქონდა ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 

ახლა კი სტატუს-კვო შენარჩუნდება, მომხმარებელს იაფიან პროდუქტზეც ექნება წვდომა. თანაც აზერბაიჯანი ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და შესაბამისად, ბაზრის მოწოდების დივერსიფიცირებაში მათ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი წილი. ეს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან უახლოესი მეზობელია და 2008 წლის ომის დროს ის იყო ნავთობპროდუქტების ერთადერთი მომწოდებელი. თავისთავად ამ არგუმენტებმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანა გადაწყვეტილებაში და ამისათვის მადლიერები ვართ”, - აღნიშნა "რეზონანსთან" ვანო მთვრალაშვილმა. 

რეგულაციის  ამოქმედების შემთხვევაში 2020-21 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდებოდა. ახალ დადგენილებაზე და სამომავლო გეგმებზე ,,სოკარის ჯორჯია პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი, ლევან გიორგაძე საუბრობს. 

,,ახალი დადგენილების ამოქმედების შესახებ დღეს შევიტყვეთ ჩვენც და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ. კარგია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტი, რომ არაფერი იყო საჩქარო, ამ კომპონენტის ცვლილება  გარემოზე ზემოქმედების კუთხით არ მოახდენდა დიდ გავლენას. ავტოპარკის გაუმჯობესების გარეშე მხოლოდ საწვავის მაჩვენებლებზე ზრუნვა, ფაქტია, შედეგს ვერ გამოიღებს. მოსახლეობისთვის ყველაზე ცუდი შედეგი კი იქნებოდა გაძვირება.  

ჩვენი ქარხნის გადაიარაღება ამ ეტაპზე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 1 წელიწადში სრულად დასრულდება, თუმცა თუ ეს ვერ მოესწრო, ჩვენ  აღარ ვთხოვთ ხელისუფლებას ისევ დროს. ამ მოცემულობით, შევძლებთ 2021 წლიდან შემოვიტანოთ  "ევრო 5"-ის სტანდარტის დიზელი აზერბაიჯანიდან, ლოგისტიკის გამო კი სხვა ტიპის დიზელთან შედარებით, ფასი მაინც უფრო იაფი გამოდის“, - აღნიშნა ლევან გიორგაძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×