„ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამ საკითხზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცი, რა ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას“, - ასე ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნას.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და მარიამ ჯაშმა. ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, დიდ ნაწილს, ვინც უმრავლესობის რიგები დატოვა, გადაწყვეტილი აქვს, დარჩეს პარლამენტში და დამოუკიდებლად შექმნას ფრაქცია.
„მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთეთ, შეხვედრა არ გვქონია, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარეც. ალბათ, გვექნება კომუნიკაცია და ერთიან ხედავას ჩამოვაყალიბებთ, თუ რა ფორმატში გავაგრძელოთ მუშაობა.
„მე ვრჩები პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად. ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას - შეიქმნას დამოუკიდებელი ფრაქცია. ჩემი დამოკიდებულება ასეთია - ხელი არ შევუშალო ჩემს კოლეგებს და თუ რაოდენობრივად დავჭირდები, ჩემი მხრიდან ეს იქნება კომპრომისი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მარიამ ჯაშმა.