ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უმრავლესობიდან გასული წევრები ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მართალია დეპუტატების უმრავლესობიდან წასვლა „ოცნებისთვის" დანაკარგია, თუმცა „ხელს არ შეუშლიან."
„ეს არის მათი მოსაზრება, ინიციატივა და ალბათ თვლიან, ვფიქრობ სწორადაც თვლიან, რომ განცალკევებულად ყოფნას, ჯობია ფრაქციის შექმნა. დარჩენილ დროში უკეთ გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას. მათ ამ დარჩენილ ვადაში სურთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები მიმდინარე საკითხებზე. თუ პარტიაზე იქნება საუბარი, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ.
„ჩვენ ამაში, რა თქმა უნდა, ხელს არ შევუშლით. ეს დანაკარგია ჩვენთვის. ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო იყო, სხვა სახის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, არ შემიმჩნევია. პარლამენტში ფრაქცია უნდა იყოს და მნიშვნელოვანია ფრაქციის სახით გამოხატული, ვიდრე ცალ-ცალკე," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, თამარ ხულორდავას თქმით, უმრავლესობიდან გასული წევრები ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მსგავს განცხადებას აკეთებს „ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, უმრავლესობის ყოფილი წევრების მიერ ფრაქციის შექმნას.
„ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამ საკითხზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცი, რა ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას," - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნას.
ცნობისათვის, გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩაგდება გახდა. მმართველი გუნდის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ სამი წავიდა.