25 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის.
„ამ სცენარის წინაპირობას ვერ ვხედავ, თუმცა, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შემდეგ შეთქმულების თეორია ააგოს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე პროტესტის, რომ ასეთი შეფუთვა მოხდეს. რევოლუციური სცენარი დღეს ობიექტურად არ განიხილება, სუბიექტურად - ვინ რა კუდებს გამოაბამს, არ ვიცი," - განუცხადა „რეზონანსს" ხუხაშვილმა.
ოპოზიციამ აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნო - 25 ნოემბერს პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამართვა ლეგიტიმურია მანამ სანამ კანონის ჩარჩოებს არ გასცდება.
„ქუჩის მოძრაობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ხელისუფლება სხვა სივრცეს, პოლიტიკური მოლაპარაკებების სივრცეს, არ უტოვებს და ფაქტობრივად, ოპოზიციის ნაწილს აიძულებს, რომ ასეთი ტიპის, ქუჩის დღის წესრიგით იმოქმედოს.
„იმედს ვიქონიებ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაჯდება. ეს არის პოლიტიკური ურთიერთოებებისა და გემოვნების საკითხი - ვინ, რა და როგორ. მთავარია ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ეს არის ლეგიტიმური პროტესტის ფორმა, სანამ არ იქნება გადაკვეთილი წითელი ხაზები. ოპოზიცია წარმოგვიდგენია ერთიანი სისტემა, რაც ასე არ არის. ოპოზიცია სინამდვილეში არის ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვა ტაქტიკის მომხრე," - ამბობს ხუხაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში შესაძლოა ორი ახალი ფრაქცია შეიქმნას. ფრაქციების შექმნას უმრავლესობიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური ცალ-ცალკე აპირებენ. არსებული ინფორმაციით, ზვიად ძიძიგური კონსულტაციებს უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებთანაც მართავს. ჩუგოშვილი კი, ფრაქციის შექმნას იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ პირველი არხი წერს.
ფრაქციის შექმნისთვის, რეგლამენტით ექვსი დეპუტატია საჭირო.
ცნობისათვის, გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა. ამ დეპუტატებს შორის არიან თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო და ზვიად ძიძიგური, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.
„ფაქტია, რომ რღვევის პროცესი მიდის. ეს გასაგებიც არის. თუ შუბლის ძარღვი გაქვს ადამიანს, უხეში გადაგდების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი ასეთ სისტემებში აღარ უნდა რჩებოდეს. ვის რა პესპექტივა აქვს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი," - აცხადებს ხუხაშვილი.