ია აბულაშვილი
20.11.2019

 "ფაქტია, რომ ოპოზიცია დღეს არცერთი პარამეტრით, არც პოლიტიკურად და არც იდეოლოგიურად მზად არ არის ძალაუფლება ხელში აიღოს, ამიტომაც ადგას მიჩვეულ გზას, რევოლუციის გზას" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს. თქვენ რა პროგონოზს გააკეთებდით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

იგორ კვესელავა: მე ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია. ყველა ქვეყანას სხვადასხვა საარჩევნო სისტემა აქვს, ზოგან შერეულია, ზოგან მაჟორიტარული, ზოგან პროპორიციული. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევს საარჩევნო სისტემას. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ამ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა, როგორც დღეს საქართველოა, თავისი სოციალ-ეკონმიკური თუ პოლიტიკური ვითარებით, ვერ გაუძლებდა იმ რყევებს, რომელიც ამ სისტემას თან სდევს. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არიან, ისინიც ვერ უმკლავდებიან იმ პრობლემებს, რომელიც ამ სისტემით მუშაობის დროს ჩნდება. ამერიკაში მაგალითად საერთოდ მაჟორიტარული სისტემაა და კარგა ხანია ეს მეთოდი გამოცდილი აქვთ. ამიტომ, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯს გადაგამს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

"რ": ძალიან მაღალი იყო მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამ შემთხვევაში მაინც შეასრულებდა თავის დანაპირებს, ამიტომაც ამბობს ოპოზიცია, რომ მარტო ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება მოატყუაო...

ი.კ: ბიძინა ივანიშვილი უფრო ზრუნავს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ერთად აღებული ოპოზიცია. ამას იმიტომ კი არა ვამბობ, რომ ის უშეცდომოა. ხშირად მითქვამს, რომ მისი საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ოპოზიციას ძალაუფლების ხელში აღება უნდა არა არჩევნების, არამედ უკვე მიჩვეული გზით - რევოლუციით. დღეს ოპოზიცია არცერით პარამეტრით მზად არ არის ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი შექმნას.

"რ": თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია უკვე ძალაა, რომ მიზანს მიაღწიოს.

ი.კ: მათი ერთობა დროებითია, რადგან ეს არის სხვადასვა იდეოლოგიისა და სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის პარტიები. ვერც მათმა ლოზუნგმა "ყველა ერთის წინააღმდეგ" ვერ იმუშავა, ხალხის მობილიზება ვერ შეძლებს და ერთად აღებულმა ოპოზიციამ 5 ათასი კაცი გამოიყვანა საპროტესტო აქციაზე. ყოველდღე 50 თასი კაცი სჭირდება გამოსაყვანად, რომ ხელისუფლება შეაჯანჯღაროს. როგორც ჩანს, სტრატეგიაშიც და ტაქტკაშიც უთანხმოება აქვთ, ერთიან გეგმაზეც ვერ შეთანხმდნენ და ვფიქრობ, რომ მათი ერთობა მალე დაიშლება. განხეთქილების ნიშნებიც სახეზეა.

"რ": ბიძინა ივანიშვილს რა გეგმები აქვს სამომავალოდ, ფაქტია, რომ პარტია ეშლება?

ი.კ: ბიძინა ივანიშვილს კიდევ ბევრი კოზირი აქვს ალბათ შემონახული და საარჩევნოდ კიდევ ბევრს გამოაჩენს. რაც შეეხება პარტიის დაშლას, იმ ხალხმა, ვინც წავიდა, ალბათ იფიქრა, რომ გემი უკვე იძირება, მაგრამ "ოცნებას" ჯერ კომპასი არ დაუკარგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×