"ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ვერ მოვა ხელისუფლებაში. ახლა მთავარია მოხდეს შეთანხმება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური თამაშის წესებზე," - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
"ხელისუფლება, რომელიც ხალხმა მოიყვანა სათავეში, წლების განმავლობაში მუდმივად შეცდომებს უშვებდა. პირველი, ხალხის მოლოდინი სამართლიანობის აღდგენის შესახებ არ შესრულდა, დამნაშავეები არ დასჯილან სამართლის თვალსაზრისით, მცდელობაც არ ყოფილა.
"მეორე, არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა, სახელმწიფო ინტერესების სრული იგნორირება, კლანური ინტერესების ლობირება ყველა დონეზე, უმუშევრობა, მწირი შემოსავლიანობა და ამ დროს ოლიგოპოლური ჯგუფების მძლავრი განვითარება, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან ასოცირებული სხვა შედეგამდე ვერ მიგვიყვანდა. აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ხელისუფლება გარყვნა აბსოლუტურად. მცდელობამ, ხელში აეღო კონსტიტუციური უმრავლესობა და ფაქტიურად ყველანი ჩამოეცილებინა გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა "ოცნებას".
"პროტესტს ჯერ-ჯერობით აკავებს მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში ჩარჩენილი წინა ხელისუფლების ნეგატიური აღქმა, მაგრამ თუ მმართველი ძალა სერიოზულ დიალოგზე არ წავა, მაშინ ნეგატიურ განწყობებს ჩაანაცვლებს განწყობა, რომ აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს. თუ ოპოზიციაში მყოფი ძალები, კაგი თუ ცუდი, დღეს მნიშვნელობა არა აქვს, სწორად იმოქმედებენ ცვლილებები გარდაუვალია. სიტუაცია ისეთია, რომ ვერც ერთი პარტია ცალკე აღებული ხელისუფლებაში ვერ მოვა. აქ მთავარი იქნება შეთანხმება ყველა ძალას შორის გლობალურ პოლიტიკური თამაშის წესებზე.
"საბედნიეროდ, საქართველოში ბელადების ეპოქა სრულდება, ეს უკვე ბოლო კრუნჩხვებია. ქართველმა კაცმა თავის თავში უნდა მოკლას ერთი კაცის მოლოდინის იმედი. ბელადის პოლიტიკური სიკვდილი გზას უხსნის ძალიან ბევრ ადამიანს ღირსეული ადგილი დაიკავოს პოლიტიკაში. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი ფუძე-კონსტრუქცია აიგოს ქართული სახელმწიფოსთვის," - გაანცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.