სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურებზე საუბრობრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ოპოზიციონერი დეპუტატები კო ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს უბრალოდ „პოლიტიკური თამაშებია."
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა საერთოდ არასერიოზულია.
სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატები აპირებენ, 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ, რათა კონსტიტუციური პროექტის ინიცირება მოხდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 76 დეპუტატის ინიცირება ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ინიციატივით, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს, 19 ნოემბერს გამოვიდა.
ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის წარდგენისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, რაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია.
„ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლის ინიცირებისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, ან 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. წარდგენის შემდეგ, მიდის ჩვეულებრივი პროცესი; საყოველთაო-სახალხო განხილვა მინიმუმ ერთთვიანი, შემდეგ კომიტეტებში განხილვები და ბოლოს, პლენარულ სხდომაზე განხილვა. თუ კანონპროექტი იქნა მიღებული 3/4-ის უმრავლესობით, ეს ცვლილება კონსტიტუციაში მაშინვე შედის, თუ იქნა მიღებული 2/3-ის უმრავლესობით, კანონპროექტი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეცემა, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს ასევე 2/3-ის უმრავლესობით. მეორე პარლამენტის დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევა.
„3/4-ის უმრავლესობა დღევანდელ „ქართული ოცნების" უკვე აღარ ჰყავს და მის ახლავე ამოქმედებას ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ვინც უმრავლესობაში არ არის, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ. თანაც, თუ მიიღო 2/3-ის უმრავლესობა, რაც ასევე ძალიან საეჭვოა, რადგან დღევნდელი უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერენ პროპორციულ სისტემას, ეჭვი მეპარება 2/3 მიიღოს.
„თუ ეს უმრავლესობა ვერ მიიღო, ჩავარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამაზე, სადაც არ ვიცით როგორი იქნება ძალთა განაწილება, მაგრამ მოლოდინი და პროგნოზები ისეთია, რომ ვერცერთ პარტიას ვერ ექნება არა კონსტიტუციური უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაც კი, ამიტომ ამის პერსპექტივა ძალიან დაბალია. ვინც ამის გაკეთებას აპირებს, ამას კარგად უნდა ხვდებოდეს. ამას აქვს დემონსტრაციის სახე - „თქვენ პროპორციული გინდათ? მაშინ მოვითხოვთ მთლიანად მაჟორიტარულს." - განაცხადა ვახტანგ ხმალაძე.
გია ჟორჟოლიანი ამ საკითხს არასერიოზულს და უსაგნოს უწოდებს:
„ამ საკითხის განხილვა არასერიოზულია. ეს არის პოლიტიკური თამაშები. ყველას ყელში ამოუვიდა, ხალხსაც და მეც, ამ საარჩევნო სისტემებზე უსაგნო დისკუსია. სულ სხვა საკითხებია მნიშვენლოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ იყო ეს განაცხადი, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ხელმოწერილი ინიციატივა შემოვიდა. ოთხი თვის განმავლობაში მათი თავგადაკლული ლიდერები მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, რომ ეს არის საქართველოს გადარჩენა, უცებ აღმოჩნდა, რომ არ არის გადარჩენა.
„პროპორციული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონული წარმომადგენლობა იქნას უზურნველყოფილი; ვთავაზობდი ასეთ მექანიზმებს და პრინციპებს. ის, რაც დღეს ხდება, არის არასერიოზული. ამ დისკუსიაში არ შევალ. კომპეტენტური მსჯელობისთვის არ ხდება ეს. მეტი მომზადება სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე მსჯელობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარე," - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა. პარლამენტის სპიკერის თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს, მაგრამ მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია და ინიციატივა, რომლებმაც, სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ ასეთი პროცესის ინიცირებაც კანონით რეგულირდება, რომლის გვერდის ავლითაც, რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივის ინიცირება შეუძლებელია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.