ეროვნული ბანკი, რომელმაც ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, პარლამენტში კრიტიკის ცეცხლში უკვე უმრავლესობის მხრიდან მოექცა. უცხოელთა მითითებების შემსრულებელი, სხვის ინტერესს მორგებული, რეალობას აცდენილი - ასე აფასებდნენ გუშინ გვენეტაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "ოცნების" კომიტეტების თავმჯდომარეები. მოსახლეობას მხოლოდ ის აინტერესებს, როდის გამყარდება ლარი, რომელზეც აგვისტოდან მოყოლებული თითქმის ყველა საუბრობს, მაგრამ საშველი არა და არ ჩანს. ფინანსიტები კი ამჯერად ვარაუდობენ, რომ არსებული პირობებში, არათუ გამყარება, კურსის არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაც სათუოა.
პარლამენტის დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმდჯომარე რომან კაკულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს აკრიტიკებს. საკომიტეტო მოსმენაზე კაკულიამ განაცხადა, რომ გვენეტაძის მმართველობის პერიოდში სებ-ის ნაბიჯები უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ქართული რეალობის გათვალისწინებით.
“სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო, მეორე - პოლიტიკური ფაქტორი და ახლა უკვე ეს არის ლარის კურსი. პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და შემდგომ მოვლენებზე მოქმედებს უფრო მოკლე დროში.
მე გიცნობთ თქვენ როგორც პროფესიონალს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ, სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი და ყოველთვის არ ითვალისწინებდა იმ კონტექსტს, რომელშიც ქვეყანაში გვქონდა.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც დეტალებში ვერასდროს ჩამოგვყვებიან და მათ გაიდლაინებს თქვენ მიჰყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე და ახლა ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული. ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც პოზიციებზე ვართ, ჩვენს ნაკლოვანებებზე უნდა ვსაუბრობდეთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო", - დაუფარავად უთხრა სათქმელი კაკულიამ გვენეტაძეს.
როგორც ჩანს, "ოცნების" დეპუტატები, სებ-ის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებში უკვე ერთიანნი არიან. თავის საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში პირველად იყო ასეთი მწვავე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს “რეალობასთან დაბრუნებისკენ” მოუწოდა. მისი აზრით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა, რის გამოც ქვეყანა მაღალი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა.
“ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. სებ-მა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, რომ ყველა საშუალება გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და ა.შ. ინფლაცია უნდა იქნას დათრგუნული, ლარის კურსიც და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული”, - განაცხადა კოვზანაძემ.
კრიტიკის ძირითადი მიზეზი, გაუფასურებული ლარია, რომელსაც ფინანსთა მინისტრი "ზედმეტად გაუფასურებას” უწოდებს და ამბობს, რომ ყველა პარამერით გაცვლითი კურსი 10-15 პუნქტით ნაკლები უნდა იყოს.როგორც ჩანს, ხელისუფლების სამთავრობო გუნდისაგან განსხვავებით, საპარალემტო უმრავლესობის წევრებმა, განწყობებზე მეტად, ეროვნული ბანკის როლი დაინახეს ინფლაციურ წნეხში, რომელიც დღითი დღე მძაფრდება.
იმაზე რომ ლარი არაბუნებდივად აღმა მიცურავს, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკების საპროგნოზო კომპანიებიც საუბრობენ. ბოლო თვეების განმავლობაში ,,თიბისი რისერჩს” და ,,გალტ ენდ თაგარტს” არაერთხელ გამოუქვეყნებია ანალიზი, რომ ლარი მალე უნდა გამყარდეს, თუმცა მუდმივად საპირისპირო ხდება.
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განაცხადა და დასძინა, რომ ყველა კვლევით კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული.
ეროვნული ვალუტა რომ უნდა გამყარდეს და ამას მოასწავებს ყველა პარამეტრი, ყველა თანხმდება, მაგრამ ვითარება სავალუტო ბაზარზე უცვლელია უკვე 3 თვეა. მოსახლობას კი აინტერესებს, როდის ახდება მრავალგზის გამოთქმული პროგნოზი. ჯერჯერობით ფინანსიტები არსებულ რეალობაში გამყარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. "ადმირალ მარკეტსის" ყოფილი წარმომადგენლის დავით წიქარიძის თქმით, მთავრობა და ეროვნულო ბანკი ორივე დამნაშავეა ლარის გაუფასურებაში და ამ პირობებში ვითარების გაუმჯობესების შანსი ნაკლებია.
"სებ-ის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რაზეც აკრიტიკებენ, არამედ იმიტომაც, რომ მთავრობის აბსოლუტურად არაგონივრულ გადაწყვეტილებებს წინ ვერც ერთხელ ვერ აღუდგა. რაც უნდა ქნას ეროვნულმა ბანკმა, ამ ეტაპზე უშედეგოა. ახლა პარლამენტში განიხილავენ 2020 წლის ბიუჯეტს, რომელიც წყალში გადაყრილი ფულია. ეს არის გაუგონრად არაგონივურლი პრიორიტეტები, რომელიც რასაკვირველია კიდევ მეტად მოახდენს გავლენას ლარზეც და ეკონომიკაზეც.
რაც შეეხება სებ-ს, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დაანონსა. ეს ერთი მხრივ თითქოს ლარის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს გრძელვადიან პერსპეტივაში, მეორე მხრივ კი ამუხრუჭებს ეკონომიკას, ანუ საბოლოოდ მაინც უარყოფითად მოქმედებს ლარზე”, - განუცხადა "რეზონანსს" წიქარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკას სრულად იზიარებს და დაგვიანებულს უწოდებს, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. მისი ვარაუდით, სებ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, კურსის გამყარება შეუძლებელი იქნება.
"სებ-ი, ახლა კი არა რამდენიმე წლის წინ უნდა გაეკრიტიკებინათ. კრიტიკას, რა თქმა უნდა, ვიზიარებ და არათუ მარტო "გაიდლაინების" შემსურლებლები, არამედ სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონები არიან. სებ-ს შეუძლია რეზერვები გამოიყენოს და უცებ დაუბრუნოს ლარს ადრინდელი ნიშნული, თუმცა არც ამას აკეთებს. მიზეზი არის ის, რომ რეზერვები საზღვარგარეთ გაურკვეველი წარმომავლობის ფასიან ქაღალდებში აქვს დაბანდებული და ასე მარტივად ვერ ამოიღებს.
დასკვნა არის ძალიან მარტივი, ეროვნული ბანკის სათავეში უნდა მოვიდნენ სხვა ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევეში მძიმე მდგომარეობა სავალუტო კუთხით არ შეიცვლება, არსებულ ვითარებაში, გაუმჯობესების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.