ელზა პაპოშვილი
20.11.2019

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ?  უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.        

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი  კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს.

ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანიკონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეგლამენტის მიხედვით ერთი კვირას აქვს უმრავლესობას იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი დეპუტატები წარადგინონ. 

"კონსულტაციების ნამდვილად მიდის და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაც მალე ეცნობება.  თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარეების თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ამაზე შევჯერდებით. გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა და ამ დროში უნდა მოვასწროთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, რომელსაც უმრავლესობა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებს, გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ადასტურებს, რომ გარკვეული კონსულტაციები მიდის. 

"რა თქმა უნდა, გუნდში კონსულტაციები მიდის, მათ შორის ჩემთანაც. მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად შევძლებ მეც პასუხის გაცემას," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს. როგორც ვოლსკი ამბობს,   უმრავლესობის სხდომის გამართვამდე აღნიშნულზე მისი მხრიდან საუბარი ლოგიკური არ იქნება.

„არ იქნება ლოგიკური, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ შედგება, დავადასტურო ან უარვყო პასუხი.  მოკლედ  „არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, ჯერჯერობით  ეს არის არა ბუნდოვანი, არამედ ის ზუსტი პასუხი, რაც უნდა გაეცეს ამ შეკითხვას. რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი გადანაცვალების შესაძლებლობაზე, არის ლოგიკური და ყველა მოსაზრება, რაც ჩამოთვალეთ და კიდევ უფრო მეტი განიხილება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.   

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა.  

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×