ელზა პაპოშვილი
20.11.2019

 კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, სავარაუდოდ, ახალგაზრდები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ. მათი თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გაჩერებაზე  იდგა, რა დროსაც ორი მივიდა და მათ შორის რაღაც საუბარი შედგა. თუმცა გაუგებარია, რაზე საუბრობდნენ ახალგაზრდები.

 ამის შემდეგ კი მათ შორის ყვირილი  და გინება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს და დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, მათი გაშველებაც კი ვერ მოასწრეს. ბიჭი რომ დაჭრილი იყო, მხოლოდ სისხლის დანახვის შემდეგ მიხვდნენ.

მოქალაქეებამ მაშინვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „რეზონანსს“ კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

„არავინ არაფერი იცის რეალურად რა მოხდა. ბიჭი იდგა გაჩერებაზე და ორნი მივიდნენ. რა უთხრეს, რა არ უთხრეს, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და მერე ერთმანეთს ცემა დაუწყეს. ეტყობა სწორედ ამ დროს მოხდა, რომ დანა დაარტყეს. ვერავინ ვერ მიხვდა დაჭრილი რომ იყო. მხოლოდ სისხლის დანახვაზე მიხვდა თავადაც, რომ დაჭრეს. 

მუცელში ჰქონდა ორჯერ დარტყმულიო. მაშინვე სასწრაფო სამედიცნო დახმარება გამოიძახეს და პოლიციაც მალევე მოვიდა. ისინი მაშინვე გაიქცნენ. გონზე იყო, როგორც ვიცი. არ ვიცი რამის წართმევა უნდოდათ თუ რა არის ვერავინ გაიგო. ვინ რა აზრზე მოვიდოდა გაჩერებაზე ადამიანი დგას და ვიღაც ასე უცბად აუხირდებოდა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×