მომხმარებლის რაოდენობაში მოტყუება, სახელმწიფოსათვის გადასახადის დამალვა და უსაფრთოხების წესის დარღვევა - სწორედ ასე აღწევს თხევადი გაზგასამართების დიდი ნაწილი ბაზარზე არაბუნებრივად დაბალ ფასს. მომხმარებელი კი ბოლო დროს სხვა ტიპის საწვავიდან აქტიურად გადადის მის მოხმარებაზე, ამ დროს, როგორც მომხმარებლების და ნაწილობრივ სპეციალისტებიც აღნიშნავენ, ჩასხმის დროს თითქმის ყველა კომპანია იტყუება.
თხევადი აირის (ელპიჯი) რეალიზაცია ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 2-3 წელიწადში მისი გამოყენება აქტიურად დაიწყო სატრანსპორტო საშუალებებში, როგორც ბენზინის და ბუნებრივი აირის ალტერნატივის. სამი წლის წინ, თუ ასამდე სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ამ ტიპის საწვავით დღეს უკვე 7 ათასზე მეტი მანქნა მოიხმარს. დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე გასამართი სადგური ეწევა ამ მომსახურებას. ეს ციფრი ალბათ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ფასთა შორის სხვაობა თხევად აირსა და ბენზინს შორის საკმაოდ დიდია. თუ დღეს ბენზინის საშუალო 2.50 ლარია, თხევადი აირი 1.15 ლარი ღირს. ნათელია, რომ ფასთა შორის ძალიან დიდი სხვაობაა, შესაბამისად, თხევად აირზე სულ უფრო ხშირად გადაჰყავთ ავტომობილები. იგი დიდ კონკურენციას უწევს ბუნებრივ აირსაც და ამ ეტაპზე მისი გაყიდვაც მცირდება.
სექტორში არსებულ პრობლემებზე ,,რეზონანსთან” ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი საუბრობს. არაბუნებრივად დაბალი ფასის განმაპირობებელი კომპანიების მხრიდან გადასახადის დამალვა და მომხმარებლის მოტყუებაა.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ პროდუქტზე აქციზური გადასახადი დიფერენცირებულია. კერძოდ, როცა მისი იმპორტი ხდება, განბაჟებისას 1 ტონაზე ტარიფი არის 120 ლარი, მაგრამ მერე თუკი ამ პროდუქტის გაყიდვა ხდება ავტომობილების გასამართად, კომპანიის ვალდებულებაა დამატებიტ გადაიხადოს 1 ტონაზე 180 ლარი, ანუ ჯამში 300 ლარს იხდის მეწარმე. თუკი თხევადი გაზი საყოფაცხოვრებო მიმართულებით მოიხმარება, ამ შემთხვევაში მხოლოდ 120 ლარია გადასახადი. საქმე სწორედ ისაა, რომ ბევრი სუბიექტი, არ იხდენს ამ თანხას და შემოტანილ პროდუქტს აფორმებენ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის. შესაბამისად, ხდება სახელმწიფოსათვის თანხის დამალვა, რაც პრობლემას ქმნის ორი მიმართულებით: ბიუჯეტი კარგავს შემოსავლებს და ბაზარზეც არაკონკურენტული გარემო იქმნება. თუ ვიღაც არ იხდის გადასახადს, კეთილსინდისიერი მეწარმეები, ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერი გადამხდელები კი უპირატესობას ფლობენ. ამითაა გაზგასამართსაცალო ქსელში არსებული არაბუნებრივად დაბალი ფასი განპირობებული.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რიგი კომპანიები არ ახდენენ საწვავის ზუსტ ჩასხმას. ატყუებენ მომხმარებელს და ამის ხარჯზეც იღებენ დამატებით შემოსავალს. გამომდინარე იქედან, რომ დიდი კონკურენციაა და ბევრი კომპანიაა, ამოსავალი წერტილი დაბალი ფასია, მომხმარებელს მისი მეშვეობით იზიდავენ. ამ დროს კი მასაც ატყუებენ და სახელმწიფოსაც.
არის სხვა სახის პრობლემებიც. გასამართი სადგურების ნაწილი არ აკმაყოფილებს ტექნიკური გამართულობის და უსაფრთხოების ნორმებს. ავზები მიწისქვეშ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეთ მეხმარიდები და სხვა მინიმალური ნორმები”, - განუცხადა ,,რეზონანსს” მთვრალაშვილმა.
მომხმარებელი რომ უკმაყოფილოა, ეს სოციალურ ქსელებშიც იგრძნობა. მიმდინარე წლის ზაფხულში, კომპანიებისაგან მოტყუებული ავტომფლობელები ,,ფორუმზე” აქციასაც კი აანონსებდნენ, რომელიც შემდეგ რატომღაც არ შედგა.
ერთ-ერთი მომხმარებელი, გოჩა შათირიშვილი ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პრობლემა დროსთან ერთად უფრო და უფრო იზრდება. თანაც ყველა გაზ გასამართი სადგური ერთნაირად იქცევა და ალტერნატივაც არ არსებობს.
,,თითქმის ყველა გასამართ სადგურზე იტყუებიან. გამონაკლისი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ თანხას ვიხდი მოცულობით ყოველთვის სხვადასხვა გაზს "მისხამენ". ვერ მიხვდვი, როგორ ახერხებენ მოტყუებას მრიცხველებით თუ სხვა რამე მექანიზმით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ იტყუებიან. ერთიორჯერ პირადი საუბარიც მქონდა რამდენიმე კომპანიასთან, დამპირდნენ ვითარების შეცვლას, მეც გავაგრძელე მათი საწვავის მოხმარება, თუმცა შემდეგ ისევ დაიწყეს მოტყუება.
ერთი წელია, რაც თხევადი გაზზე გადავიყვანე მანქანა. პრობლემები თავიდანვე იყო, თუმცა პირველ პერიოდში ნაკლებს იპარავდნენ, რაც დრო გადის უფრო და უფრო მწვავდება ვითარება და მეტს ატყუებენ მომხმარებლებს", - აღნიშნა,,რეზონანსთან” გოჩა შათირიშვილმა.