თამარ შუკვანი
22.11.2019

 ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ახალი ფორმა „მაინც დაგაბოქლომებთ" გრძელდება. მათ უკვე „დააბოქლომეს" სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები; პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. სიმბოლური „დაბოქლომება" ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებზე მიდის.

„ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის დაბოქლომება სცადეს, მაგრამ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამიტომაც, შენობის გარე ფასადზე აქციის მონაწილეებმა სტიკერები გააკრეს წარწერით „დალუქულია".

ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარის მაჟორიტარული ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ აქტივისტებმა არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი მაინც დაადეს. ოპოზიციის მიერ ოზურგეთში გამართულ აქციას და ბოქლომის დადებას პარლამენტის თავმჯდომარემ სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ „ოზურგეთში საკმაოდ სასაცილო აქცია იყო, „ნაცმოძრაობას" საჩუქრად დაჟანგული, ძველი ბოქლომი გადასცეს."

თალაკვაძის თქმით,სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს ცდება, ამიტომაც მომავალშიც სახელმწიფოს ამაზე ექნება რეაქცია. მისივე განცხადებით, არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ „ევროპული საქართველოს" ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისის კარის „დაბოქლომებას" აპირებდნენ, რასაც ასევე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ზუგდიდში კი მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ხმაური მოყვა ასევე ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" წევრებს კარის „დაბოქლომების" საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კი ამის საპასუხოდ ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს. ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოებია გაკრული.

ასევე „დააბოქლომეს" აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარიც. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია იუწყება.

მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროზე ბოქლომის დადებას ასევე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „დაბოქლომების" საშუალება „ქართული ოცნების" აქტივისტებმა არ მისცეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გაერთიანებული ოპოზიცია და საჯარო მოხელეები ერთმანეთს ივანიშვილისა და სააკაშვილის მონებს ეძახდნენ.

მცხეთაში სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. პოლიცია დიასამიძეს სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავება. კერძოდ, დიასამიძე მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×