რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან შესაძლოა ქართველი სასულიერო პირები გამოაძევონ. ამის საფუძველს რელიგიის საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, სონია ხუბაევას განცხადება ქმნის, რომელიც ახალგორში ქართველი სასულიერო პირების ყოფნას უკანონოს უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხუბაევა ამ განცხადებას კრემლის დაკვეთით აკეთებს, რაც მიზნად ისახავს როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველი მღვდლების ყოფნის აკრძალვას.
ხუბაევა გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილესთვის 17 ნოემბერს გაგზავნილ წერილს, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებაა საუბარი.
ამავე წერილში ილია მეორე რუსეთის საპატრიარქოს განზრახვას უარყოფითად აფასებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მდებარე სამხედრო ბაზებზე სამი წლით მიავლინოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული მოძღვრები მაშინ, როცა რუსეთის ეკლესია ამ რეგიონში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებითვე, საქართველოს ეკლესიის მიერ ნიქოზის და ცხინვალის ეპისკოპოსად დანიშნული სასულიერო პირი მეუფე ისაია (ჭანტურია) წირვის დროს მოიხსენიებს ილია მეორეს და საქართველოსთვის ლოცულობს. მისი საქმიანობა კი „სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგაა მიმართული: „ის, თითქოს, იმყოფება თავის კანონიერ ტერიტორიაზე. ეს უნდა აღიკვეთოს. უნდა გავაგებინოთ, ვინ არის სახლში პატრონი".
მეუფე ისაია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტია, რომელმაც ნაჩუქარი „პრადო" გაყიდა და აღებული ფულით ბავშვებისთვის მიკროავტობუსი შეიძინა. პაატარ ზაქარეიშვილის თქმით, მიტროპოლიტი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არის;
„მეუფე ისაია ამ წუთებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ იმყოფება, ის ნიქოზშია. არ ვიცი შესვლის უფლება აქვს თუ არა. დიდი ხანი იყო იქ და შემდეგ გამოვიდა, როგორც ვიცი აღარ დაბრუნებულა. თუმცა, რატომ არ დაბრუნდა, არც მიზეზი ვიცი. გამოსვლაზე ძალიან დიდი ხანი წვალობდა, როგორც საპატრიარქო, ასევე პოლიტიკოსები," - ამბობს ზაქარეიშვილი.
ხუბაევას თქმით, ახალგორში („ლენინგორის რაიონში") მდებარე ქალთა მონასტერში ქართველი მღვდლები მსახურობენ და აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორია - ახალგორია და არა „ლენინგორი."
ხუბაევას თქმით: „სამხრეთ ოსეთის" სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, მივიდნენ და მოსთხოვონ დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე:
„თუ ასეთი დოკუმენტები არ აქვთ, უნდა შესთავაზონ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისთვის დოკუმენტების შეტანა. გარდა ამისა, შეიძლება მათ შესთავაზო ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა და თუ ეს არ აწყობთ, ლოგიკური იქნება შეთავაზება, რომ სამხრეთი ოსეთი დატოვონ და გადავიდნენ ქვეყანაში, რომელსაც ემსახურებიან," - ამბობს ის.
დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მას მხოლოდ საკითხის გადასაჭრელად წინადადების დაყენება შეუძლია, აღსრულება კი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხუბაევას ეს განცხადება რუსეთის საპატრიარქოსთანაა შეთანხმებული და მათი მიზანია ქართველ მღვდლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა აეკრძალოთ.
„ეს ისეთი ადამიანის განცხადებაა, რომელიც ამ საქმეებს არ წყვეტს. სად რომელი მღვდლები იქნებიან - ეს საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის გადასაწყვეტია, რადგან რუსეთი „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ ცნობს. შესაბამისად, ეს ჩვენი პატრიარქების დონეზე წყდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ქალბატონი თავის პოზიციას ასე საჯაროდ ავლენს, არ გამოვრიცხავ, რუსეთის ეკლესიის შეთანხმებით მოქმედებდეს.
„აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოძეველი არიან ქართველი მღვდლები, მაგრამ რაღაც პირობებით ზოგიერთი მღვდელი ჩადის და გალის რაიონში წირვა-ლოცვას ახორციელებს, თუმცა, იგულისხმება და ითვლება, რომ ქართულ სამღვდელოებას იქ ჩასლა აკრძალული აქვთ. თუ ქართველი მღვდელი ჩადის, ჩუმად ჩადის და არაოფიციალურად. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ეკლესია ფარულად, ერთი ხელით საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას საჯაროდ ადასტურებდეს „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე, მეორე ხელით - ხელს უწყობს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, რომ საბოლოო ჯამში, დაიხუროს ქალთა მონასტერი და შეწყდეს საქართველოს ეკლესიის მიერ ღვთისმსახურება.
„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ეკლესია ამას გარკვეულწილად ასულდგმულებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტიპის განცხადებები ვერ გაკეთდებოდა. მოსკოვი და ცხინვალი ცდილობენ ამ ტიპის მიმართულებით საერთო ნაბიჯები გადადგან, რომ იქაც, როგორც აფხაზეთში, ფორმალურად საქართველოს სამღვდელოებას ყოფნის უფლება არ ჰქონდეს.
„რუსი მღვდლები დიდი ხანია აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთშიც" არიან, აქ ახალი არაფერია. ეს პირველად არ ხდება. წერილი შეიძლება იმის დასტრური იყოს რომ, მოთმენის ფიალა აივსო. შეიძლება კულუარულად მიმდინარეობდა მუშაობა. პატრიარქი მშვიდობისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს და ყოველთვის ცდილობს, დაძაბულობა არ იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბოლო ნაბიჯი იყოს, რადგან მანამდე სხვა ღონისძიება განახორციელა. ეს დაგვიანებული არ არის, პატრიარქი იძულებული გახდა გაესაჯაროებინა ის, რაც ალბათ მანამდე დაფარული იყო," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.