თამარ შუკვანი
23.11.2019

 „კონსტიტუციურ ფარგლებში, პარლამენტმა გადაწყვეტილება რომ მიიღოს, დროში უკვე ვეღარ ესწრება. იმისათვის, რომ რეფერენდუმი დაიწყოს, ამას სჭირდება მომზადება, კამპანიის ჩატარება. გრძელი პროცესია და ახალ წლამდე გამორიცხულია," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის დეპუტატის, აკაკი ზოიძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ თუ რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ „გავა ხალხში" და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კამპანიას ჩაუდგება სათავეში.

ზაზა ხუციშვილის თქმით, რეფერენდუმის ორგანიზება მთელ რიგ პროცესებს მოიცავს, თანაც ეჭვობს უმრავლესობა ამ ინიციატივას დასთანხმდეს.

„ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც მოხდა. ამ თემის პოლიტიკურად შებრუნებისთვის უმრავლესობა რამდენად არის მზად, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა, საეჭვოდ მეჩვენება. ასეთი თემები ალბათ მანამდე უნდა ყოფილიყო დაყენებული.

„ამ დროში, რაც დარჩენილია, კონსიტუციურად ვერ მოხდება. სესიების მიხედვით გადანაწილებულია ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა მოხვდეს. გარდა ამისა, ეს პროცედურა ჩვენ საკმაოდ გავართულეთ, რომ მომავალში, არავინ ეცადოს საკუთარ თავზე კონსტიტუციის მორგებას. სერიოზული ცვლილებები უკვე ორმა მოწვევამ უნდა დაამტკიცოს. ამიტომ, გაზაფხულზე მოსმენები რომ ჩატარდეს, შემდეგში კიდევ უნდა გადავიდეს. ეჭვი მეპარება მმართველი გუნდი რეფერენდუმზე წავიდეს," - ამბობს ხუციშვილი.

იგი ზოიძის მხრიდან უმრავლესობის შესაძლო დატოვების შესახება საუბრობს.

„თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მას შემდეგ რაც უმრავლესობა დავტოვე, კაკისთან შეხვედრა და პირადი საუბრები არ მქონია. პროგნოზირება ცოტა მიჭირს," - აცხადებს ხუციშვილი.

ცნობისათვის, გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატთა გარკვეულმა ჯგუფმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩაგდება გახდა. ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც კენჭისყრაზე ცვლილების ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების" რიგები დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×