თამთა ჩაჩანიძე
23.11.2019

 „ამ ადამიანების მკვლელობის გამო, აფხაზეთში გავლენებისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა დაიწყება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდზე მიმოსვლაზე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის შეზღუდვა დააწესებას.

ხიდზე შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც პარასკევს სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია" - ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. თვითმხილველთა ცნობით, მკვლელობა სოხუმის ცენტრში კაფე „ლეონთან" მოხდა, როდესაც სამმა ნიღმიანმა მამაკაცმა კაფეში მყოფ „ქურდებს" ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, სოხუმის დეპოსთან დამწვარი იპოვეს.

გალის მოსახლეობა აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ.

არეშიძე ამბობს, რომ ზემოაღნიშნული მკვლელობის ორი ვერსია არსებობს. „ერთი ვარიანტია, ელოდებიან, რომ იქ „კრიმინალური ავტორიტეტების" გარკვეული თავყრილობა გაიმართება და მეორე ვარიანტით, არაა გამორიცხული, რომ შურის საძიებლად აფხაზეთში სხვადასხვა ადამიანები გამოჩდნენ.

„ეს აკრძალვა მხოლოდ ენგურის ხიდზე არაა. ფსოუზე მაგდენი ვერ გაბედეს, მაგრამ იქაც ადამიანების გატარება გამკაცრებულია, „დაკვირვების პროცესი" გართულდა, რომ, ვთქვათ, ვინმემ არ შეაღწიოს ისეთმა, ვინც მიმდინარე გარჩევებში ჩაერევა.

„ამ ადამიანების მკვლელობის ორი ვერსიაა. ერთია ის, რომ ეს „ქურდული გარჩევების" შედეგია; მეორე ვერსიით კი, „ხელისუფლებამ" კრიმინალების ლიკვიდაცია დაიწყო. აქედან გამომდინარე კი მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია და რთულია იმის თქმა, თუ მოვლენები რეალურად როგორ განვითარდება", - აცხადებს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×