ოკუპირებული გალის რაიონის „გამგებლის" თემურ ნადარაიას ახალ ინიციატივას, რომ სკოლებში ქართული ენა მეგრულით უნდა ჩანაცვლდეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „აგონიაში მყოფი მმართველის" განცხადებას უწოდებს და ამბობს, რომ ახალ ინიციატივას პერსპექტივა არ აქვს.
„მეგრული ენის სკოლებში შეტანის ინიციატივას არ მგონია რაღაც საფუძველი ჰქონდეს, ეს გაუჭირდებათ. მეგრული ენა ზეპირი ენაა, როგორც სვანური და მსოფლიოში ბევრი სხვა. ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი. შეუძლებელია ამას სკოლაში რაღაც წარმატება ჰქონდეს, რადგან მეგრული ენა უნიკალური ფენომენია და სკოლაზე უფრო ძლიერია. მას არ სჭირდება სკოლებით გავრცელება, მითუმეტეს მეგრული პოპულაციის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია გალის რაიონში და აბსოლუტური უმრავლესობა დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს.
„ასე რომ, ეს პროექტი აბსოლუტურად არაფერს მოუტანს ამის ინიციატორებს და ჩაფლავდება, როგორც აქამდე უამრავი სხვა რაღაც ჩაფლავდა - ტელევიზია მეგრულ ენაზე, გაზეთი მეგრულ ენაზე... გაზეთი გამოდის, თუმცა, არაპოპულარულია და ეფექტი არ აქვს.
„ეს არის აშკარად აგონიაში მყოფი მმართველი, რომელმაც ვერაფრით მოახერხა გალის რაიონის მოსახლეობის გულის მოგება და გრძნობს, რომ ეს ადამიანები თავის თავს ქართველებად გრძნობენ, ინტეგრირებული არიან საქართველოში.
„20 წელია მმართველია და გამწარებულია იმით, რომ ვერაფრით მოახერხა მათი დაინტერესება, რომ აფხაზეთის რეალობაში ინტეგრირებული ყოფილიყვნენ. ეს არის აშკარად გაწბილებული ადამიანის პოზიცია. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში შუა საკუნეების მეთოდებით მართვა. ახლა სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს; მეგრულ პოპულაციას აქვს თავისი სახელმწიფო - საქართველო, სადაც თავს გრძნობენ დაცულად, განვითარებულად, არავინ უკრძალავს გადაადგილებას, განათლების მიღებას, უცხოეთში მოგზაურობას.
„იზოლაციონიზმით ვერ მოუგებენ გულს იმ მოსახლეობას, რომელიც გალის რაიონშია, სულ სხვა რამეს ელოდებიან დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და არა ამ ფორმით იზოლაციაში გამოკეტვას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთში გამომავალი „ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, თემურს ნადარაია იმ სტუდენტებსაც ემუქრება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებიან და აფხაზეთიდან განათლების მისაღებად გადმოდიან:
„გვინდა ვუთხრათ საშუალო სკოლის სტუდენტებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ ქართული უნივერსიტეტები სასწავლებლად, მაგრამ წლის განმავლობაში ექვსი თვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ბინადრობის ნებართვას და ვიზაზე ჩამოვლენ აფხაზეთში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები," - ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის „გამგებელი".