თამარ შუკვანი
23.11.2019

 „ფონი სამწუხაროდ ნეგატიურია, მაგრამ ახლა მთავარია ამან სახელმწიფო ინტერესები არ დააზიანოს და არ აისახოს იმ თანამშრომლობის პროგრამებზე, რაც ჩვენსა და დასავლეთს შორის არის," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებისა და საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ საუბრისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებასაც შეეხო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ამერიკელ კოლეგებს „ვითარება აუხსნა", თუმცა, მიმომხილველები ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ ისინი თბილისში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულნი არიან და ამის ირგვლივ არსებობს კითხვები.

ზაალ ანაჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ საკანონდებლო ინიციატივის ჩაგდებას უარყოფითი გავლენა ჰქონდა როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაშიც. ამიტომაც მთავარია, ამ ფაქტმა სახელმწიფო ინტერესები არ დააზიანოს.

„თუ ვიმსჯელებთ იმ გამოხმაურებებით, რაც საჯარო სივრცეშია, ეს დადებითი გამოხმაურებები ნამდვილად არ არის, მათში კრიტიკა უფრო სჭარბობს, ვიდრე სიტუაციისთვის გაგებით მოკიდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" ნაკლებად აქტიურობს საერთაშორისო კომუნიკაციის კუთხით. ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" გაცილებით უფრო პროაქტიურები არიან. შესაბამისი ინფორმაციის ნაკადი უკვე წავიდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ევროპის ქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ის განწყობა, რაც ახლა არის და იკითხება პოლიტიკოსების, ოფიციალური პირების თუ ექსპერტების განცხადებებში, ჩემთვის გასაგებია. მათ ჰქონდათ მოლოდინი და როდესაც მოლოდინი არ გამართლდა, შემდეგ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს, მათთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა ათიდან ერთმა გამოთქვას ღრმა დაინტერესება „ქართული ოცნების" შიგნით, სამზარეულოში რა ხდებოდა და რამ გამოიწვია ის, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში მოხდა.

„თანაც, „ქართულ ოცნებას" ხელახლა უწევს ახალი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენ დასავლელ პარტიორებთან კომუნიკაციაზე იქნება ორიენტირებული იმ წასული დეპუტატების ნაცვლად, რომლებიც, ჩემი აზრით, მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევდნენ თავს მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს და ამის არაერთი ინდიკატორი არსებსობს.

„ვნახოთ, რამდენად შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. ეს არ მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ, სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა, მთავარია „ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართლებით მუშაობა დაიწყოს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×