თამარ შუკვანი
23.11.2019

 „ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოს, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს. რეალურად, ეს „დაბოქლომება" სიმბოლური აქციაა და კონკრეტული შედეგი არ აქვს. ადრე კაბინეტების აჭედვა იყო მოდაში, ახლა აჭედვა უფრო სიმბოლურმა და უკეთესმა ფორმამ შეცვალა, რომელიც იგივე დატვირთვისაა. რეალურად ეს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აიძულებს მუდმივად იყოს ამ გაწამაწიაში ოპოზიციასთან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ დაწყებული აქციების „მაინც დაგაბოქლომებთ" შესახებ საუბრისას.

ძაბირაძის განცხადებით, ეს აქციები არსებულ სურათს ვერ შეცვლის და მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი სახე არ მიეცეს;

„ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საბაბი, რომ მან დაიწყოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება. არ ვგულისხმობ ისეთ რეპრესიებს, როგორიცაა დარღვევების გამო აქტივისტების 10-15 დღით ჩასმას. ეს პროტესტი, რაც დაიწყო, ალბათ არ შეწყდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ან კიდევ არჩევნებამდე, თუმცა, თუ შედეგი მიუღებელი აღმოჩნდა, არც არჩევნების შემდეგ გველოდება მაინცდამაინც დიდი სიმშვიდე.

„რეალურად ყველა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ხელისუფლება განსაკუთრებით. მოხდა მისი ფაქტობრივი იზოლაცია როგორც საშიანო, ისე საგარეო მიმართულებით. ხელისუფლებამ უნდა ეძებოს გამოსავლი. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე," - აღნიშნა ძაბირაძემ.

ოპოზიცია 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, 25 ნოემბერს აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

ძაბირაძე 25 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ეს კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა, თუკი აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება, რადიკალიზაციის პროცესის დაწყებას არ გამორიცხავს.

„როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს ეს აქცია, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ დიდი მასშტაბის იქნება, ან იმაზე დიდი აქცია იქნება, რაც უკვე იყო პარლამენტის შენობასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა იწყება რადიკალიზაციის პროცესი.

„ეს აქცია არ უნდა გახდეს საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ლაპარაკი ძალადობაზე და ხელისუფლების ძალით დამხობაზე. უნდა მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა, არა მარტო ბოქლომების დადება, არამედ სხვა აქტივობები უნდა მოიფიქრონ მრავალფეროვანი და ალბათ დრო არის, ოპოზიცია გავიდეს რეგიონებში, იქნებიან ბოქლომებით თუ ბოქლომების გარეშე," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×