„თუ დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ამით ივანიშვილის ქველმოქმედებით ხასიათს გაუსვა ხაზი, პატრიარქმა სხვა ფაქტორზე არ გაამახვილა ყურადღება“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ბიძინა ივანიშვილის დალოცვას.
„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც.
„მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა. წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“, - განაცხადა პატრიარქმა.
გამზარდია მიიჩნევს, რომ პატრიარქის დალოცვა სამი ასპექტით აიხსნება, ხოლო ქველმოქმედებაზე ყურადღების გამახვილება კი, მისი თქმით, შესაძლოა პოლიტიკური გზავნილიც იყოს.
„ეს შესაძლოა რამდენიმე ასპექტით აიხსნას. ერთი მხრივ, ეს კლასიკური დიპლომატიაა; მეორე მხრივ კი ბიძინა ივანიშვილისადმი პატრიარქის მიმტევებლური ხასიათი იმიტომ, რომ უწმინდესი, რამდენადაც ვიცი, იმ ყველაფრის შესახებ საქმის კურსშია, რაზეც მისმა ყოფილმა ქორეპისკოპოსმა ისაუბრა და შესაძლოა ამგვარად ცდილობს, რომ მის მიმართ მიმტევებლური პოზიცია დაიჭიროს,
„და მესამე ასპექტი - ეს პატრიარქის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის რეალისტური როლის გამოკვეთაა. ამ პოზიციისაკენ ვიხრები პირადად მე, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის როლს ქველმოქმედებაში ხედავს და არა სხვა დანარჩენში.
„თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ამით ივანიშვილის ქველმოქმედებით ხასიათს გაუსვა ხაზი. პატრიარქმა სხვა ფაქტორზე არ გაამახვილა ყურადღება, თქვა, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული შემომწირველიაო. ამიტომ ეს რამდენადმე შესაძლოა პოლიტიკურ მესიჯადაც მივიღოთ - პატრიარქი შესაძლოა თვლიდეს, რომ ივანიშვილის როლი ქველმოქმედებაშია და არა სხვა დანარჩენში, რაშიც ის წარმოდგენილია“, - განაცხადა გამზარდიამ.