ტატა შოშიაშვილი
24.11.2019

 ბულგარელი ბიზნესმენის, ასევე იარაღის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის, ემილიან გებრევისა და მისი ახლობლების მოწამვლაში, სავარაუდოდ, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს არანაკლებ 7 თანამშრომელი მონაწილეობდა. ემილიან გებრევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს იარაღს აწვდიდა და გამორიცხული არ არის, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მასზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს. ამის შესახებ ერთობლივ ჟურნალისტური გამოძიებაშია საუბარი, რომელიც სამმა გამოცემამ - „ინსაიდერმა", „ბელიგკეტმა" და „შპიგელმა" ჩაატარეს.

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის" ტიპისაა, რომლითაც 2018 წლის მარტში, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. გებრევისა და მისი ახლობლების მომწამვლელთაგან ერთ-ერთი სკრიპალების საქმეშიც ფიგურირებს.

ჟურნალისტური გამოძიების მთავარი წყარო სპეცსამსახურების თანამშრომლების პასპორტები გახდა. კერძოდ, პასპორტებს სერიებით უშვებენ, ამიტომაც, სავარაუდო, თანამგზავრებს შორის შესაძლებელია, მსგავსი ნომრების მოძებნა. იმ შემთხვევაში თუ მონაცემები იცვლება, სახელი, გვარი და დაბადების თარიღი იგივე რჩება.

ჟურნალისტებმა თავიანთ გამოძიებაში აღინიშნეს, რომ „გე-რე-უს" რამდენიმე თანამშრომელმა ფოტოსურათები და სხვა მონაცემიც შეცვალეს, მაგრამ უფრო მარტივად იდენტიფიცირებადები გახდნენ - სიჩქარეში ფოტოსურათები ერეოდათ და ხშირად მამაკაცებს ქალების ფოტოები ჰქონდათ ჩაკრული პასპორტებში ან სულ სხვა ადამიანის საპასპორტო ისტორია ჩნდებოდა მათ დოკუმენტებში და ა.შ.

მათვე შეძლეს გებრევის საქმეში სავარაუდო ეჭვმიტანელების ვინაობის დადგენა და გაასაჯაროვეს 7-ვე მათგანის სახელები და გვარები. კერძოდ, ესენი არიან - სერგეი პავლოვი, რომელიც სერგეი ლუტენკოს სახელითაა ცნობილი, გიორგი გორშკოვი (პეტრე ბორისოვი), ივან ლებედევი (ივან ტერენტიევი), ნიკოლაი კონონიხინი (ნიკოლაი იეჟოვი), ალექსეი ნიკიტინი (ალექსეი კალინინი), ვლადიმირ პოპოვი (ვლადიმირ მოისეევი) და დანილა სტეპანოვი (დანილა კაპრალოვი).

ყოველი მათგანი სხვადასხვა პერიოდში ბულგარეთში იმყოფებოდა. საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ფიგურირებს - დენის სერგეევი (სერგეი ფედოტოვი), რომელიც ბულგარეთში მხოლოდ მაისში ჩავიდა, მაგრამ ბიზნესმენმა თავი შეუძლოდ მაშინაც იგრძნო.

2019 წლის თებერვალში საგამოძიებო ჯგფმა „ბელინგკატმა" გაავრცელა ინფორმაცია სკრიპალების მოწამვლის საქმეში, პეტროვისა და ბოშიროვის გარდა, მესამე ეჭვმიტანილის არსებობის შესახებ. არსებული ცნობებით, მამაკაცი ინგლისში სერგეი ფედოტოვის სახელით ჩავიდა. „ბელინგკატი" მიიჩნევს, რომ სწორედ ისაა დაკავშირებულია ბულგარელი ბიზნესმენის ემილიან გებრევის, მისი შვილისა და იარაღის მწარმოებელი კომპანიის დირექტორის მოწამვლის მცდელობასთან.

„ბელინგკატის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ფედოტოვი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 2015 წლის 24 აპრილს ჩავიდა. მას 30 აპრილს სოფია-მოსკოვის ავიარეისის ბილეთი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად, ფედოტოვი 28 აპრილს სტამბოლის აეროპორტში გამოჩნდა და მოსკოვის მიმართულებით შეიძინა ბილეთი.

ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, სოფიაში გამართულ ღონისძიებაზე ბიზნესმენმა ემილიან გებრევმა გონება დაკარგა. შეუძლოდ გახდნენ ასევე მისი ვაჟი და კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამივე მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჰელსინკის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ გებრევი „ნოვიჩოკის" ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

ჰოსპიტალიზაციიდან ერთ თვეში გებრევის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც გებრევმა „ბელინგკატს" უამბო, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მაისის ბოლოს ის კვლავ შეუძლოდ გახდა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ზუსტად ამ დროს, 2015 წლის 24 მაისს, სერგეი ფედოტოვი მოსკოვიდან კვლავ ბულგარეთში დაბრუნდა. მას დაჯავშნილი ჰქონდა მოსკოვში დასაბრუნებელი რეისი 28 აპრილს, თუმცა აეროპორტში არ გამოცხადდა. ამის ნაცვლად, ორი დღის შემდეგ, 30 მაისს ფედოტოვი მოსკოვში სერბეთიდან ჩაფრინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×