ელზა პაპოშვილი
24.11.2019

 სექსუალური ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ვალეში - 41 წლის ხათუნა ფ.-ის დედა მეზობელს, 60 წლის მამაკაცს შვილის ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „კურიერმა“ გაავრცელა. „რეზონანსს“ ხათუნა ფ.-ის დედა უყვება, რომ მის შვილზე მეზობელი შანტაჟის და მუქარის გამოყენებით ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა. ის ხათუნას ეუბნებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ დედას მოუყვებოდა, მასაც და მის მშობელსაც მოკლავდა. მამაკაცის სახლში მაშინ მიდიოდა, როდეცს დაზარალებული მარტო იყო. 

41 წლის ხათუნა ფ.-ს საუბარი და გადაადგილება უჭირს. დედას მომხდარის შესახებ ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მამაკაცის დანახავაზე ქალმა ტირილი დაიწყო და დედას უთხრა, რომ ის მათთან აღარ მისულიყო. ამის შემდეგ დაზარალებულმა დედას აუხსნა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა და მისი ეშინოდა. 

დედამ საქმის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მამაკაცი დაკავებული არ არის. დედა ამბობს, რომ მისი შვილი მეზობელი მამაკაცისათვის - ნოდარ კ.-სთვის პირველი მსხვერპლი არ არის და მას მსგავს დანაშაულში სხვებიც ამხელენ, თუმცა ამის შესახებ საჩივარი მხოლოდ მან დაწერა. 

„თურმე პირზე ხელს აფარებდა, აშინებდა და ეუბნებოდა, რომ არაფერი ეთქვა. ბავშვი სულ მაღლა და მაღლ ხტუნაობდა და ამბობდა, რომ ეგ კაცი ჩვენთან აღარ მოვიდესო. თურმე აშინებდა, რომ დედაშენს თუ ეტყვი, ორივეს მოგკლავო. ჩვენთან იმ დროს მოდიოდა, როდესაც სახლში არ ვიყავი. დერეფანში შეიყვანდა და თან ასე იყურებოდა, ხომ არავინ მოდისო. 

„ეს კაცი სხვებთანაც აკეთებდა ასეთ რამეს, მაგრამ საჩივარი მხოლოდ მე დავწერე. სხვები ყველანი გაჩუმებულები არიან. პოლიციამ დაკითხა, მაგრამ ამბობენ, რომ მტკიცებულების არარსებობის გამო ის დაკავებული არ არის. სოფელშიც აღარ ჩნდება. 

„ვიცი სხვა შემთხვევებიც, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს. სახლშიც მოუცვივდნენ და ემუქრებოდნენ. ჩემს შვილზე ამბობენ, რომ იგონებსო. მხოლოდ ეს ხომ არ არის... პოლიცია დაინტერესდეს და გაარკვევს, რომ მსგავს ფაქტზე სხვებიც ადანაშაულებენ“, - აცხადებს დაზარალებული დედა „რეზონანსთან“. 

მეზობლები ხათუნა ფ.-ის ნათქვამს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო და სხვა ადგილობრივებიც იყვნენ მომჩივნები, თუმცა ეს ამბავი ასე არ გახმაურებულა. მათი თქმით, ადრეც იყო შემთხვევა, როდესაც სახლში მიუცვივდნენ და ადანაშაულებდნენ. 

მამაკაცი სოფელში აღარ ჩნდება და ის ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია აღარ უნახიათ. ვარაუდობენ, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სოფლიდან წავიდა. სამართალდამცველებმა ის დაკითხეს, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის გამო, გაათავისუფლეს. 

მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი მეზობლები იტყუებიან და ეს ყველაფერი მხოლოდ ხათუნა ფ.-ის ფანტაზიის ნაყოფია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×