თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება 2017 წლის რედაქციითაა გაწერილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა არც 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუკი 2020 წლის არჩევნების დროს ბიულეტინში დამატებითი შეკითხვა იქნება დასმული - ამომრჩეველი რომელ სისტემას უჭერს მხარს - შედეგად კი გამოვლინდა, რომ მოსახლეობას კონკრეტულ სისტემაზე გადასვლა სურს, პარლამენტი ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს. შედეგად, არც ის არის გამორიცხული, 2020 წლისათვის პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქროს და არჩევნები შერეული ან სრულიად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებში არაფერი იცვლება, რჩება ისე, როგორც კონსტიტუციაშია, თუმცა, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. ამ არჩევნებთან ერთად შესაძლებელია ბიულეტინებში იყოს დასმული საკითხი, რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს ჩვენი მოსახლეობა.
„კონსტიტუციის მთლიანი არსი ის არის, რომ, როდესაც დამუშავდება სპეციალისტების მიერ, საერთო-სახალხო განხილვა უნდა იყო. შესაძლებელია 2020 ან 2021 წლის არჩევნებში ბიულეტინში დამატებითი შეკითხვა იყოს მოსახლეობისთვის.
„დღევანდელ კონსტიტუციაში განსაზღვრულია, რომ 2024 წელს უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, მაგრამ საკითხი დგას ისე, რომ გვინდოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა ცვლილებების სახით გაგვეტანა და არ გამოვიდა. 41-მა პარლამენტარმა უარყოფითი ხმა მისცა და ინიციატივა ჩავარდა. პარლამენტის წევრები, იგივე მაჟორიტარები წინადადებას ამზადებდნენ, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდებულიყო. ეს საკითხი ჯერჯერობით მოიხსნა, მაგრამ საბოლოოდ მოხსნილი არ არის და აპირებენ ეს ინიციატივა კვლავ გააჟღერონ.
„თუ ეს ინიციატივა იქნება მომზადებული, „ქართულ ოცნებას" შესაძლებლად მიაჩნია, რომ ბიულეტინებში ეს მოთხოვნა იყოს შეტანილი. როდესაც 2017 წელს საკონსტიტუციო კომისია საერთო-სახალხო განხილვებს ატარდებდა, პრაქტიკულად ყველა რეგიონში დააყენეს საკითხი, რომ „ჩვენ გვინდა გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში", ანუ სურთ იყოს მაჟორიტარული სისტემა.
„თუმცა, „ოცნების" დაჟირებული მოთხოვნით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რადგან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პროპორციულ სისტემას მოითხოვდა, 2024 წლიდან პროპორციული სისტემა შემოსულიყო.
„კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანოს მოახლეობამ. თუ ჩატარდა პლებისციტი და უდიდესმა ნაწილმა თქვა, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები შერეული ან სრულად მაჟორიტარული სისტემით, პარლამენტს არ აქვს უფლება ეს საკითხი არ განიხილოს.
„გადაწყვეტილება როგორი იქნება - სხვა თემაა. მოსახლეობას უფლება აქვს მოითხოვოს ის, რაც მას მიაჩნია სწორად. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლაპარაკობს იმას, რომ მოსახლებას უნდა რომ ასე იყოს. არავინ იცის რა უნდა მოსახლეობას, გამოკითხვა არ ყოფილა. თუ ასეთი სრული გამოკითხვა ჩატარდება, რომელიც გამოავლენს, რომ მოსახლეობას რაღაცა სისტემა უნდა, პარლამერნტი ვალდებულია ეს სისტემა განიხილოს," - განაცხადა რევაზ არველაძემ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.
„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.
„თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, კანონმდებლობით, პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე.