„ქართულმა ოცნებამ" ამით ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში თუ წინააღმდეგობაში ჩაებას," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დისკუსია დასრულებულად გამოაცხადა და პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადასვლაც კითხვის ქვეშ დააყენა.
კალაძემ ბრიფინგისას ოპონენტებს 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდა, რადგან მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის შეცვლას არ აპირებს და აღნიშნულთან დაკავშირებით თემა დახურულია.
ძაბირაძე, ამბობს, რომ კალაძის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო.
„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, მოსალოდნელი იყო და ამით ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში თუ წინააღმდეგობაში ჩაებას. მთავარია ეს ურთიერთობა სამართლებრივ ფორმებში რამდენად ჩაჯდება, ოპოზიციას ეყოფა თუ არა ძალა, რომ ეს პროცესი არჩევნებამდე გააგრძელოს; თუ არ ეყოფა რა სახით ჩამოყალიბდება და როგორ. სხვა მხრივ მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა.
„აზრი არ ჰქონდა იმის საუბარს, რომ პლებისციტი ჩაეტარებინათ, ან მაჟორიტარების აზრი გაეზიარებინათ და დატოვეს ისევ ისე, მაგრამ რეალური გაგრძელებები არც რეფერენდუმის იდეას ექნებოდა და არც მაჟორიტარულს.
„ოცნება" გერმანულ მოდელზე ამბობს, რომ ანტიკონსტიტუციურიაო. საოცარი იყო არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ თურმე გერმანულ მოდელს კონსტიტუციასთან შეუსაბამო სახელი აქვს, ანუ სხვა რაღაცა ჰქვია და ამიტომ არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციასო. სხვა მხრივ „ოცნებას" ამ მოდელის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ აქვს", - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, მოცემული მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციას საპროტესტო მუხტს ვერც შემატებს და ვერც დააკლებს.
„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება სიტუაციას უფრო მეტად არ დაძაბავს. ალბათ ამას ოპოზიციაც ელოდა. კალაძის ეს განცხადება ოპოზიციას არც ახალ ტალღას შემატებს და ვერც დააკლებს. უბრალოდ, მმართველმა გუნდმა ამით თქვა, რომ ის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე ფაქტიურად დებატებს ამთავრებს.