თამარ შუკვანი
25.11.2019

 დეპუტატ გედევან ფოფხაძისთვის გაუგებარია ის ინიცატივა, რაც „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წამოაყენა - საჭიროა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ აღმოჩნდება. ფოფხაძის თქმით, ეს განცხადება ლოგიკას არ ექვემდებარება.

„ეს საერთოდ რა ინიციატივაა და რა გარანტიებზეა საუბარი, ვერ ვიგებ. რატომ ანაწილებთ უკვე სფეროებს? - ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ," - ამბობს ფოფხაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად რა გარანტიებს შეიძლება გულისხმობდეს ჯაფარიძე, აღნიშნა: „კითხეთ ჯაფარიძეს, მე რატომ მეკითხებით?"

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობამ" ხალხის ნდობა ვერ დაიბრუნდა და ამას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს:

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი ხალხი. ეს არის პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს - გასაგებია, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ მას - „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ივანიშვილის ხელში, რითაც ის ებრძვის ოპოზიციას. ეს ბერკეტი ივანიშვილს უნდა წავართვათ," - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის ინიციატივაზე კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კონსულტაციები ყველა საკითხზეა შესაძლებელი და მათთვის მთავარი ამ სტრუქტურების რეფორმირებაა, რათა მათ დამოუკიდებლად მუშაობა შეძლონ. ამის შესახებ განცხადება მელიამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×