თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის, გორლოვკის ყოფილმა ე.წ. მერმა ედუარდ მატიუხამ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის, „ტი-ეს-ენ"-ის ეთერში თავი უკრაინის დაზვერვის თანამშრომლად გამოაცხადა. მისი თქმით, ის ხუთი წლის განმავლობაში „ოკუპაციაში ცხოვრობდა" და „აწყობდა პროვოკაციებს", ამასთან, ცდილობდა კონფლიქტების გაღვივებას პრორუს მეამბოხეებს შორის. როგოც მატიუხა აცხადებს, ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არაფერი იცოდა.
ეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებშიც დაადასტურეს.
„მართალია. ედუარდი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც გვაწვდიდა საჭირო ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რეალური ვითარების შესახებ", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ.
დაზვერვის დეპარტამენტში კი დამატებით განაცხადეს, რომ მატიუხას წყალობით, მათ მიიღეს ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გაფართოების გეგმის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მატიუხა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო, რამაც საშუალება მისცა კავშირები დაემყარებინა რუსეთის კომუნისტურ პარტიასთან.
ჯაშუშის თქმით, სწორედ რუსეთის კომპარტია წარმოადგენს კრემლის მთავარ საყრდენს პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველა პრორუსულ ანკლავში - აფხაზეთში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, დნესტრისპირეთში და სამხრეთ ოსეთში. ამ თვითგამოცხადებული ე.წ. მთავრობების მუშაობას კი, მატიუხას ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი კაზბეკ ტაისანი კურირებს.
მატიუხა აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მომავალში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებში შესაძლოა ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე, რაც უკრაინის ხელისუფლებისთვის ზეწოლის კიდევ ერთ ინსტრუმენტს შექმნის. მიზანი მინსკის შეთანხმების რუსული ინტერპრეტაციით განხორციელება და დონბასის სპეციალური სტატუსის შესახებ კანონის მოსკოვისთვის სასურველი ფორმით მიღებაა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებას ასევე დამუშავებული აქვს ხარკოვისა და ოდესის ოლქების მიტაცებაბა, რათა საკუთარი სახმელეთო დერეფანი ჰქონდეს ყირიმის ნახევარკუნძულთან.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დეპუტატი ვლადისლავ ბერდიჩევსკი სოც.ქსელში წერს, რომ „ვითომ კომუნისტსა და ხალხის მერს," რომლის სახელიც კი არავინ იცოდა, არანაირი წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებთან არ ჰქონდა.
ედუარდ მატიუხა გორლოვკის ე.წ. სახალხო მერად 2014 წელს აირჩიეს, თუმცა თანამდებობა სეპარატისტებს შორის უთანხმოების გამო დატოვა.
ალექსანდრე კორტავა