უკვე კვირაზე მეტია, რაც რუსეთის საპატრიარქოსგან საქართველოს საპატრიარქო საპასუხო წერილს ელოდება. თუმცა, რუსული მხარე პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობს და უწმინდესის ცნობილ წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. წერილში პატრიარქი ილია მეორე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი სასულიერო პირების გაგზავნას აპირებს, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებით, უწმინდესის წერილი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო კონკრეტულად როდის მიიღებს წერილს, ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენ რა ვიცით, რატომ იგვიანებს რუსეთისგან პასუხი, ეს რუსებს უნდა ვკითხოთ, ან რუსეთის საპატრიარქოს. თუ აპირებს (სასულიერო პირების) გაგზავნას ეს, რა თქმა უნდა, კანონიკური სამართლის უხეში დარღვევაა.
„ვფიქრობ, საქართველოს ეკლესიის თხოვნა და უშუალოდ უწმინდესის თხოვნა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, თუმცა, არ ვიცით რა დროში იქნება ეს პასუხი მიღებული," - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პატრიარქ კირილესგან პასუხი არ იქნება, რა ზომებს შეიძლება მიმართოს ქართულმა მხარემ? ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ჩივილი ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის:
„მის ხელთ არსებულ ზომებს მიმართავს. ეკლესიათა შორის არსებობს დიალოგი, ურთიერთობები და ამ ურთიერთობების ფარგლებში ეცდება, რა ბერკეტიც გააჩნია საქართველოს ეკლესიას, იმის მიხედვით იმოქმედოს. ამას ჩივილი არ უნდა, ყველა ყველაფერს ხედავს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც ხედავს რა ვითარებაა და რა ხდება," - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.
საქართველოს პატრიარქის მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აპირებს რუსი სასულიერო პირების გაგზავნას, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია და ამის გამო უწმინდეს შეშფოთებას გამოთქვამს.