ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით, ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა). მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,3 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5 ათასი ტონით, ანუ 1,0%-ით აღემატება.
რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა ამ მიმართულებით 434,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23,8 ათასი ტონით, ანუ 5,2%-ით ჩამორჩება.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც შემოვიდა იმპორტის დიდი მოცულობა.
,,ოქტომბერში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება, თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგის შექმნა.
რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუსაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი", - განაცხადა მთვრალაშვილმა.
ბენზინის საწვავის იმპორტი და მოხმარება წლეულს იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
,,დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება თხევადი აირის მოხმარება, რომელიც ბენზინის საწვავის ალტერნატიულ პროდუქტს წარმოადგენს.
დღეისათვის დაახლოებით შვიდი ათასამდე სატრანსპორტო საშუალება და 200 გაზგასამართი სადგურია, რომელიც თხევად აირზეა კონცენტრირებული. ეს მონაცემი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიზეზი კი გახლავთ ფასთა შორის სხვაობა ბენზინის საწვავსა და თხევად აირს შორის. ბუნებრივ აირსა და ბენზინის საწვავს შორისაც თითქმის მსგავსი ფასთაშორისი სხვაობაა", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".
რაც შეეხება საწვავის იმპორტს კატეგორიების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 301,1 ათასი ტონა, ანუ 66,0%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 146,3 ათასი ტონა, ანუ 32,1%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 8,9 ათასი ტონა, ანუ 8,9%.
ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 274,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 243,3 ათასი ტონა (27,3%), აზერბაიჯანი - 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი - 103,7 ათასი ტონა (11,6%); ბულგარეთი - 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი - 49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.
,,პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან და ზოგადად, რუსეთიდან, აქტიურად შემოდის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით კი, დიზელის საწვავი. მუდმივად სტაბილური მოწოდებაა და ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. ტრანსპორების ხარჯიც არ არის დიდი და ეს ფაქტორიც რუსული საწვავის მიმართ ინტერესესს იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის მოდის და სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან. მეზიბელი ქვეყნიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის "ევრო 5"-ის ტიპის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს”, - დასძენს ვანო მთვრალაშვილი.
მისი შეფასებით, ნავთობპროდუქტების მოხმარების დონე ცალსახად მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგი მეტ-ნაკლებად არის განვითარებული ანუ მეტი აქტივობა შეიმჩნევა. ეს აისახება როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორის, ასევე ტურიზმის განვითარებაზე. ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა, გარკვეულწილად, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასაც უკავშირდება.
,,ტენდენცია სანავთობო ბიზნესში აღმავალია და მზარდი იმპორტითაც აღინიშნება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე შემომტანი კომპანიების წარმატებული საქმიანობისთვის”, - აღნიშნავს მთვრალაშვილი.