„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო სიტუაცია, უხერხული ვითარებაა, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მისი თანაპარტიელის, პარლამენტარ კახა ოქრიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საპროტესტო აქციები შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდეს.
ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ოპოზიციის აქტივისტებს შეუძლიათ საპროტესტო აქციები გააგრძელონ, თუმცა, ეს გამოსვლები ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველს არ იძლევა.
„უგულავას და ბოკერიას მცდელობა, რომ პარადი წაიყვანონ ქუჩაში და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მიიტმასნონ, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მათთან ერთად კარგავენ პესპექტივას, ეს რომ ჩვენ რიგგარეშე არჩევნების საფუძვლად გავხადოთ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
„რა თქმა უნდა, (აქციები) გაგრძელდება მშვიდობიან ფორმებში, კანონის ჩარჩოში და არა ბლოკირებებით. არის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც წლობით მიმდინარეობს აქციები და ზოგჯერ უტიფრად. ასე რომ, ამაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით. პოლიცია მოქმედებს მაღალი სტანდარტებით, შლის ბლოკირებას, მაგრამ არ ეხება იმ ტროტუარს, სადაც (აქტივისტებს) მიროფონები აქვთ. შეუძლიათ იგივე რეჟიმში გააგრძელონ," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, 25 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს. მიზანი იყო მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ და სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.