„ოპოზიციამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში რომ იმოქმედოს, შესაძლოა უფრო მეტშედეგსაც მიაღწიოს, თუნდაც ხელისუფლების გუნდში ბზარების შეტანით", - ასე აფასებს „რეზონანსთან", პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე,ოპოზიციის საპროტეტსო გამოსვლებს.
26 ნოემბერს გამთენიისას ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია ისევ სპეცრაზმით და წყლის ჭავლით დაშალა, საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციას თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ რაც ჩაიფიქრეს, მიუღწევადი იყო, რადგან სახელმწიფო თავის თავს ყოველთვის დაიცავს.
„მემგონი ოპოზიციამ თვითონაც იცოდა, რომ ეგ მიუღწევადი მიზანი იყო, იმიტომ, რომ სახელმწიფო მანქანა თავის თავს დაიცავს. მაგრამ, საერთოდ, მიზნად რაიმეს ჩაშლა რომ დაისახო, ეს მიზანი მიუღწევადი იქნება.
„ისედაც გაუგებარია, თუ რას აძლევდა ოპოზიციას თუნდაც ის, რომ ჩაშლილიყო პარლამენტის სხდომა. ერთადერთი ისაა, რომ შემდეგ ოპოზიცია იტყოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ამ ფრაგმენტში ხელისუფლება დავამარცხეთ, ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნებოდა და ოპოზიცია დიდად ამომომრჩევლის გულს ამით ვერ მოიგებდა.
„მგონია, რომ დღეს ყველა პოლიტიკური პარტია უფრო ამომრჩეველზე უნდა ფიქრობდეს, ვიდრე დროებითი მიზნების მიღწევაზე. ამიტომ მგონია, რომ თვითონ მიზანიც არ იყო სწორად შერჩეული", - აცხადებს იგი.
მისივე აზრით, ოპოზიცია თუ ისევ ამ სახის პროტესტს გააგრძელებს, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია ყოველთვის მოჰყვება.
„ოპოზიცია თუ პროტესტს ისევ ამ სახით გააგრძელებს, რომ დაბლოკოს, არ შეუშვას, ჩაშალოს, ალბათ რეაქციაც ანალოგიური იქნება - მოხსნიან ბლოკებს და ბოქლომებს, გააკეთებენ პოლიციის დერეფნებს და ა.შ. რეაქციას ხომ კონტრრეაქცია მოჰყვება.
„ოპოზიციამ კანონით განსაზღვრული ფარგლებში რომ იმოქმედოს, შესაძლოა უფრო მეტ შედეგსაც მიაღწიოს, თუნდაც ხელისუფლების გუნდში ბზარების შეტანით", - განაცხადა საყვარელიძემ.