„წყლის ჭავლის გამოყენებით შეეძლოთ უბრალოდ ერთი შესასვლელი გაეთავისუფლებინათ, რომ პარლამენტარებს დღევანდელი „უმნიშვნელოვანესი" სესიის ჩასატარებლად შესვლა შეძლებოდათ," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია 26 ნოემბერს გამთენიისას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ საუბრისას.
მუხაშავრია აღნიშნავს, რომ აქციის დაშლა ასეთი ფორმით მიუღებელია და ეს კანონდარღვევაა. შესაბამის ორგანოს შეეძლო პიკეტირებული შენობის ერთი შესასვლელი გაეთავისუფლებინა და ამით, დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლო მიეცემოდათ.
„მინიმალური ძალა და ღონისძიებები უნდა იყოს გამოყენებული. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელისუფლებამ გადაამეტა. არ არის აუცილებელი ყველა შესასვლელი გაიღოს, როდესაც პარლამენტარები შენობაში შედიან. მაშინ, როდესაც ასეთი ექსტრემალური სიტუაციაა, საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ერთი შესასვლელის გახსნა, დანარჩენი დაეტოვებინათ ისე.
„თუ შეკრება-მანიფესტაცია არ ატარებს ძალადობრივ ხასიათს და ამ შემთხვევაში არ ატარებდა, მაშინ მათ (აქტივისტებს) ამისი უფლება ჰქონდათ, მითუმეტეს ეს არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა.
„ჩვენ არ გვაქვს ის შემთხვევა, როდესაც საზოგადოება კმაყოფილია და მხოლოდ ერთი ჯგუფი გამოხატავს ამას. სახელმწიფო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ასეთ დროს ხელისუფლების დაუპირისპირდა საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც თავის უკმაყოფილებას სხვა ფორმით ვერ გამოხატავს, რადგან სხვა ფორმა უბრალოდ არ დაუტოვა კანონმდებელმა, ამ შემთხვევაში ეს გამართლებულია.
„იქ არავინ იყო შეიარაღებული. ეს ადამიანები შიშველი ხელებით ცდილობდნენ პარლამენტარები არ შეეშვათ, რადგან ვხედავთ, რომ ეს პარლამენტარები მხოლოდ საზოგადოების ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ცნობისათვის, 25 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს. მიზანი იყო მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ და სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.