„პარლამენტში პრაქტიკულად ის ადამიანები მოკალათდნენ, რომლებსაც არანაირი ღირებულებები, არც სიტყვის, არც დაპირების შესრულების ვალდებულება არ გააჩნიათ. ამ ადამიანებთან რაზე უნდა ისაუბრო..." - ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს, რომელიც მათ პარლამენტის სხდომას გამოუცხადეს.
ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირების მიუხედავად, ხელისუფლებამ დილით პარლამენტის სხდომა მაინც ჩაატარა, თუმცა სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა, რადგან ოპოზიციისა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში უმრავლესობის რესურსი ყოველდღე იკლებს და შესაძლოა საბოლოოდ კვორუმის შეკრებაც კი გაუჭირდეს.
„ვფიქრობ, რომ ბოიკოტი პროტესტის ჩვეულებრივი ფორმაა. როდესაც პარლამენტში პრაქტიკულად ის ადამიანები მოკალათდნენ, რომლებსაც არანაირი ღირებულებები, არც სიტყვის, არც დაპირების შესრულების ვალდებულება არ გააჩნიათ, ამ ადამიანებთან რაზე უნდა ისაუბრო... ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწორი, მისაღები და ყველგან აპროპირებული პროტესტის ფორმაა.
„რომ დავუფიქრდეთ, უმრავლესობას რესურსი ყოველდღე აკლდება და აკლდება. თავმოყვარეობა ვის სადამდე გაყვება, ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ზღვარი სადღაც გადის, რომ ვიღაცას თავმოყვარეობის თვალსაზრისით, იმ მდგომარეობის გადახედვა მოუწევს, რაშიც იმყოფებიან. ნელ-ნელა უმრავლესობას კვორუმის შეკრებაც კი უნდა გაუჭირდეს", - აცხადებს ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
სხდომას დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ესწრებოდა, რომლებმაც ოპოზიციისა და ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკული განცხადებებიც გააკეთეს, ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ეს ამ დეპუტატების პოლიტიკური ხედვაა.
„ამ ადამიანები ისეთი განცხადებები გააკეთეს, სადაც პრაქტიკულად ორივე მხარე ერთმანეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ეს მათი პოლიტიკური ხედვაა და ამიტომ მათი შეხედულებები ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია.
„სანამ სხდომები ასე მიმდინარეობს, დღის წესრიგთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ვიქნები ბოიკოტში და მნიშვნელოვანი საკითხები როდესაც წამოვა, მაგალითად, განცხადებები, პარლამენტში შესვლა არ მგონია ბოკოტის დარღვევას ნიშნავდეს. სხდომებზე დასწრების მიზანშეწონილობას ახლა ნამდვილად ვერ ვხედავ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.